მიხეილ თავხელიძე: კონსტიტუცია არაა ბიბლია, ყურანი ან სხვა წმინდა წერილი, რომლის შეცვლა არ შეიძლება

მიხეილ თავხელიძე: კონსტიტუცია არაა ბიბლია, ყურანი ან სხვა წმინდა წერილი, რომლის შეცვლა არ შეიძლება

პოლიტიკური ექსპერტი, მიხეილ თავხელიძე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის წინადადებას, სადაც „ქდმ“-ს  საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებითაც  „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება და მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს“ დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მისთვის უფრო გასახარელი იქნება, თუ  ბევრ კანონს დროებით მიიღებენ.

თავხელიძე ამ ინიციატივით გათვალისწინებული მოქალაქეების რაოდენობის გაზრდის მომხრეა  და საკონსტიტუციო ინიციატივის მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოქმედებაშიც პრობლემას ვერ ხედავს.

„მომხრე ვარ ამ ინიციატივით გათვალისწინებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდოს და არა მხოლოდ ევროკავშირის არამედ,  აშშ-ს,  ავსტრალიის ან კანადის მოქალაქეებზეც გავრცელედეს,  სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც შეიძლება  საქართველოს პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები აინტერესებთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივის სამი წლით მოქმედებას რატომაც არა, იყოს სამი წელი.  ვნახოთ როგორ იმუშავებს და რა შედეგს მოიტანს.  ამაში ისეთი არაფერია. პრაქტიკაში რომ ნახავ თუ  ნორმალური და კარგი იქნება დარჩება თუ არადა ავტომატურად აღარ იმოქმედებს“,-განაცხადა თავხელიძემ.

მისი განცხადებით, კონსტიტუცია არაა ბიბლია, ყურანი ან სხვა წმინდა წერილი, რომლის შეცვლა არ შეიძლება.

„თუ სიტუაცია მოითხოვს უნდა შეიცვალოს,  წინააღმდეგ შემთხვევაში რად გვინდა ისეთი კონსტიტუცია,  რომელიც რეალობისგან ძალიან შორსაა. კონსტიტუციის ცვლილებაში ცუდი არაფერი არაა.  თავისთავად ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ,  რომ  პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს“,-განაცხადა თავხელიძემ.