“ყველაზე ცნობილი ალბინოსი მსოფლიოში”, – ამ სახელწოდების ვიდეორგოლი ვიდეობლოგერმა და მოგზაურმა, დრიუ ბინსკიმ, საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბინსკი ამბობს, რომ საქართველოში ბერას მოწვევით იმყოფებოდა და გადაწყვიტა, მის შესახებ მსოფლიოსთვის მოეყოლა.
“ბერა საფრანგეთში ქართულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან ბევრს მუშაობს და 23 წლის ასაკში, მუსიკოსმა ბევრ ცნობილ დიჯეისთან, მათ შორის, სტივ აოკისთან თანამშრომლობა მოახერხა. თავმდაბალია და ყოველთვის ჩრდილში მყოფი”, – ამბობს ბინსკი, ბერა ივანიშვილის შესახებ.
ვიდეორგოლში ბერა ივანიშვილი იხსენებს.
“ყოველთვის ჩუმი ვიყავი, ყველაზე ჩუმი კლასშიც. ვწერდი ლექსებს და ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული. არასდროს მივდევდი ტრენდებს. ყველაფერი რასაც სწორად ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ყველაფერს არასწორს კი ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ საუკეთესო ძმა, შვილი და ქმარი ვიყო. სხვებისგან განსხვავებული დავიბადე. ამიტომ, როცა განსაკუთრებული იმიჯის შექმნაზეა საუბარი, უბრალოდ ვცდილობ ვიყო ის, რაც ვარ. ეს მინდა გაიგოს პუბლიკამ, ყველა ბავშვმა, ვინც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია, ან თავს განსხვავებულად და მარტოსულად გრძნობს. ძალიან რთული იყო, მუსიკალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება. ვერ გაიხსენებ მაგალითს, ადამიანებისას, რომლებიც ჩემსავით გამოიყურებიან.
არ მინდა კონკრეტული სახელები ვთქვა, მაგრამ ჩემთვის უთქვამთ, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი მუსიკა, მაგრამ არ იციან როგორ გამიყვანონ ბაზარზე. პატარა ძმა მყავს, ზუსტად ჩემნაირი. მე საკუთარ თავში დარწმუნებული ბავშვი ვიყავი და განსხვავებულობას, საკუთარ სიძლიერედ აღვიქვამდი.
საქართველო ჩემი ღირსებაა. სადაც უნდა წავიდე, საქართველოს წარმოვადგე”, – ამბობს ბერა.
ვიდეორგოლში, საუბარია ბერას მუსიკალურ მისწრაფებებზე და იმაზე, თუ როგორ უყვარს სტუდიაში ყოფნა. ასევე, ნახსენებია ბერას ოჯახი და ბიძინა ივანიშვილი.
დრიუ აცხადებს, რომ საფრანგეთში დაბადებული ბერა ივანიშვილი, მულტიკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა.