30 წლის წინ, 1988 წლის 22 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე, ამჟამინდელი პარლამენტის შენობასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით, 62 ეროვნულ-დემოკრატმა გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით დაიწყო პირველი მასშტაბური საპროტესტო შიმშილობა საქართველოში.
ეს იყო პირველი მასშტაბური აქცია, სადაც მომიტინგეებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ღიად მოითხოვეს. „ედპ“-ს შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობითვის მებრძოლი ყველა ე.წ. "არაფორმალური" ორგანიზაცია და ათიათასობით საქართველოს მოქალაქე.
მთავრობის სახლთან კარვები გაიშალა. თუმცა, უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. თითქმის ყოველდღე იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები, რომლებზეც გამოდიოდნენ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, თამარ ჩხეიძე, ირაკლი შენგელაია, ზურაბ ჭავჭავაძე და სხვები. რუსთაველის გამზირი ჩაიკეტა ავტომანქანებისათვის. იზრდებოდა მოშიმშილე ადამიანების რიცხვი, რომელმაც თითქმის 1000-მდე მიაღწია.
აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო მოკავშირე რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლების შენარჩუნება კონსტიტუციაში. ანალოგიური მასტაბური აქციები მიმდინარეობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც.
აქცია 29 ნოემბრამდე გაგრძელდა. გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კონსტიტუციიდან სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის მუხლი აღარ ამოიღეს. რუსთაველის გამზირის რადიოქსელით წაიკითხეს მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა «საქართველოს ახალგაზრდობისადმი». იგი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა “შესანიშნავ, ლამაზ ქართველ ახალგაზრდობას”. გორბაჩოვის მიმართვას აქციის მონაწილეები სტვენითა და აღშფოთებული შეძახილებით შეხვდნენ. მიტინგის დასრულებისთანავე აქცია შეწყდა. მოშიმშილეები საავადმყოფოებში წაიყვანეს.
ნოემბრის აქციამ, საყოველთაო აღიარებით, საფუძველი ჩაუყარა ეროვნული-მოძრაობის შემდგომ მასშტაბურ საპროტესო აქციებს, რომლებზეც დამოუკიდებლობის მოთხოვნა უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმოდა.