კინო და ესტრადა შოუ-ბიზნესის ის მონათესავე სახეობებია, რომლებსაც მრავალი საერთო აქვთ. კინოს ისტორიაში მოიძებნება მრავალი მომღერალი, რომელიც მისი პოპულარობიდან გამომდინარე სათამაშოდ მიიწვიეს და ამ ახალ სფეროშიც მაღალი სიმაღლეები დაიპყრო.
სიმართლე უნდა ითქვას და მომღერლების კინოინდუსტრიაში დასაქმება ცოტა რთული პროცესია, რადგან ამ უკანასკნელებს გარკვეული სპეციფიური სასცენო ნიჭიც უნდა აღმოაჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კამერების წინ უბრალო სტატისტების როლით შემოფარგლება მოუწევთ.
ჩინებული მომღერალი იყო ელვის პრესლი და მისგან არანაკლებ ნიჭიერი კინომსახიობიც გამოვიდა. მისი თაყვანისმცემლები დღემდე დიდი სიამოვნებით უყურებენ წინა საუკუნის სამოციან წლებში გადაღებულ ამერიკულ კომედიებს, სადაც მათი კერპი ყოველთვის მთავარ გმირებს თამაშობდა.
მელომანებსა და კინოსმოყვარულებს შორის დაუსრულებლად მიმდინარეობს კამათი ადრიანო ჩელენტანოს შესახებ. ეს უკანასკნელი საკუთარ ნიჭს თანაბრად ამჟღავნებს როგორც სცენაზე, ასევე გადასაღებ მოედანზე. ორივე საქმიანობა ისე ჩინებულად გამოსდის, რომ ძნელია გარკვევა რომელში უფრო ძლიერია.
ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ალბათ ახსოვთ გამოჩენილი არგენტინელი მომღერალი ლოლიტა ტორესი, მამებსა და დედები კი კვლავ იხსენებენ ესპანელ რაფაელს, რომლის მონაწილეობითაც გადაღებული ფილმები 30-40 წლის წინ გადიოდა თბილისის კინოთეატრებში.
უფრო ახალგაზრდა თაობის მეხსიერებას შემორჩა ამერიკელი ოლივია ნიუტონ-ჯონი და ფილმი “ბრიოლინი”, სადაც ეს უკანასკნელი ჯონ ტრავოლტასთან ერთად დაუვიწყარ შეყვარებულ წყვილს ასახიერებდა.
ასევე უნდა ავღნიშნოთ ცნობილი მომღერლებიც, ბარბარა სტრეიზანდი და ფრენკ სინატრა. ისინი წლების განმავლობაში ჩინებულად ახერხებდნენ, რომ დიდი წარმატებით შეეთავსებინათ ერთმანეთთან მუსიკალური მოღვაწეობა და კინოკარიერა.
გაგიკვირდებათ და რამდენიმე ფილმში არის გადაღებული ამერიკელი მომღერალი შერი. ასევე შეიძლება არ იცით და ლეგენდარული ჯონ ლენონიც ერთ ინგლისურ საომარ თემაზე შექმნილ კომედიაში თამაშობდა. მისი ყოფილი კოლეგა რინგო სტარი კი რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლებით იყო დაკავებული.