ვიტალი შკლიაროვი, მაქსიმ კაცი, ირინა პრავნიჩენკო, ვერონიკა ბურენკოვა, ანა კუზნეცოვა, ვიქტირ სემენოვი, ევგენი რეშეტნევი,- ეს ის პიარტექნოლოგები არიან, რომლებიც რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მოღვაწეობენ და ამჯერად გრიგოლ ვაშაძეს უწევენ კონსულტაციას.
თუკი სალომე ზურაბიშვილს არჩევნების პირველ ტურში მიღებული შედეგები პირველად შვილებმა ფრანგული აქცენტით მიულოცეს, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს წარმატება პირველად რუსმა პიარტექნოლოგებმა ოკუპანტის ენაზე მიულოცეს.
რაც შეეხება ვიტალი შკლიაროვს, ზემოხსენებულ პიარტექნოლოგებს შორის ყველაზე სკანდალური განცხადებების ავტორს, იგი სულ ბოლოს რუსეთში ქსენია სობჩაკის საარჩევნო კამპანიაში ღებულობდა მონაწილეობას და სობჩაკს კონსლუტაციას უწევდა.
როგორც ჩანს, ვიტალი შკლიაროვის ფუნქცია მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის კონსულტაციით არ შემოიფარგლება და ის საქართველოში სამომავლოდ მოსალოდნელ მოვლენებსაც პროგნოზირებს.
ამჯერად შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რევოლუციას აანონსებს.
„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“, ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული „რევოლუცია“.
ამასთან, შკლიაროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ახალი ტიპის უფრო ძლიერი დემოკრატიული სტარტაპ-სახელმწიფო.
ქართველი დეპუტატები შკლიაროვის ამ განცხადებაში მოსკოვიდან მომავალ საფრთხეს ხედავენ. „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე კიდევ უფრო ამყარებს შკლიაროვის მოსაზრებას და განმარტავს, „კარგად წაიკითხეთ ვიტალი შკლიაროვის განცხადება, ნამდვილად ჩვენი განწყობაა“. გიორგი ვაშაძის თქმით, რუსი პიარტექნოლოგი დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დაიწყება პროცესი, სადაც ყველა ადამიანი იპოვის თავის ადგილს.
შკლიაროვის ამ სკანდალურ განცხადებაში კორექტირება შეაქვს ნიკა რურუას. ის ამბობს, რომ გამარჯვებულებს რევოლუცია არ სჭირდებათ, რადგან „ნაციონალები“ მოიგებენ არჩევნებს, ამიტომაც შკლიაროვი აუცილებლად მიიღებს საყვედურს.
უფლებადამცველი ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე მუდმივად წარმოადგენდა რუსეთს და ჩვენ დავინახეთ, რომ მას პრაქტიკულად ქართველი არავინ ჰყავდა საარჩევნო შტაბში, იქ ისმოდა მხოლოდ რუსული ხმა და რუსული ჩექმის ბრახუნი.
„ქალბატონს, რომელსაც აქვს ევროპული განათლება, გაზრდილია საფრანგეთში, დიპლომატად მოღვაწეობდა საფრანგეთში, როგორ შეიძლება, დავწამოთ რუსეთის აგენტობა?! ჩვენ ვიცით ქალბატონი სალომეს წარსული და ყველაზე ნაკლებ დასაჯერებელია, რომ ის რუსულ საქმეს აკეთებს. ჩვენ ვხედავთ, გრიგოლ ვაშაძის მთელი რუსული პიარჯგუფი როგორ მუშაობს იმაზე, რომ რასაც „ნაციონალები“ წარმოადგენენ, ის სალომე ზურაბიშვილს დააბრალონ. ქალბატონი სალომე ჩააყენეს თავდაცვისა და თავის მართლების რეჟიმში, ისარგებლეს იმით, რომ ქალბატონი სალომეს ქართული ენა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს და გამოთქმის პრობლემა აქვს. ეს გახდა მათთვის საქილიკო.
არანაირ გაერთიანებულ ოპოზიციაზე არ არის საუბარი, ეს სასაცილოა, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში არ ისმის ქართული სიტყვა, ჩვენ ვხედავთ მილოცვებს, დირექტივებს, პიარს და ამ ყველაფერს აკეთებს რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანთა ჯგუფი. ეს ჯგუფი, საფუძვლიანი ეჭვით, ყოველთვის იდგა „ნაცმოძრაობის“ უკან და „ნაცმოძრაობა“ ასრულებდა რუსეთის დაკვეთებს“, -აცხადებს ირმა ჭკადუა.
NLP-ის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი მანანა ჯორჯიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის რუსული შავი პიარის ავტორები მიზანს მაინც აღწევენ. მისი თქმით, „ძალა ერთობაშიამ“ წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის სწორედ რუსული შავი პიარტექნოლოგები ჩართო, რომლებიც დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ, ეს ყველაფერი კი გრიგოლ ვაშაძის წისქვილზე ასხამს წყალს.
მანანა ჯორჯიაშვილის აზრით, გრიგოლ ვაშაძის პიარკონსულტანტებს, სავარაუდოდ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობის თვალსაზრისით, დიდი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება ჩვენს საზოგადოებას, რუსული შავი პიარის გამოყენება ჩვენთვის არასახარბიელოა.
„თავდაპირველად „ნაციონალებს“ შკლიაროვი არ ჰყავდათ წინა პლანზე წამოწეული. უბრალოდ, შკლიაროვის შესახებ მას შემდეგ გახმიანდა, რაც 28 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, თუ როგორ ულოცავდნენ რუსები გრიგოლ ვაშაძეს მიღებულ შედეგებს. საუბარია იმაზე, რაც მის საარჩევნო შტაბში მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ წამოტივტივდა შკლიაროვისა და სიტნიკოვის ამბები, თორემ მანამდე არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ „ნაციონალებს“ რუსი ტექნოლოგები ჰყავდათ.
რუსი პიარტექნოლოგების ჩამოყვანა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მთელ რიგ მნიშვნელოვან ინფორმაციებზე წვდომა სწორედ რუსებს ეძლევათ, ფაქტობრივად, მტრის ბანაკმა ბანაკი დაიდო საქართველოში. მით უმეტეს, რომ პიარის ამ სპეციალისტებმა მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო კანდიდატის სუსტი და ძლიერი მხარეები უნდა გამოიკვლიონ. განა შეიძლება, რუსი ტექნოლოგების ხელში ჩააგდო ნებისმიერი კანდიდატის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ ინფორმაცია? თუ ცოტათი მაინც მოაზროვნე ხარ, როგორ შეიძლება იმ ქვეყნის „პიარშჩიკი“ ჩამოიყვანო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი“, -აცხადებს მანანა ჯორჯიაშვილი, რომლის აზრითაც, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი დღეს ჩვენი მტერია, მიზანშეწონილი არაა, რუსული წარმომავლობის პიარტექნოლოგი ჩაერთოს კამპანიაში, როგორი ევროპული და ამერიკული გამოცდილებაც მას არ უნდა ჰქონდეს.