ბიზნესმენი ბრედი

ბიზნესმენი ბრედი

ფული ამ ცხოვრებაში ყველაფერი არ არის. ეს ჭეშმარიტება ბრედ პიტმაც გაითვითცნობიერა. მობეზრდა რა ძირითადი პროფესიით მილიონობით დოლარის გამომუშავება, გადაწყვიტა ცოტა ხნით სარეკლამო ბიზნესით დაკავებულიყო.

 

ცოტა ხნის წინ ბრედ პიტი  ტოკიოში ჩავიდა, მიაკითხა იქაურ სარეკლამო სააგენტოებს და სულ რაღაც ერთ მილიონ დოლარად ერთწუთიან კლიპში მიიღო მონაწილეობა. იაპონური კომპანიის ამ რეკლამაში პიტი ხელის გულზე სუმოისტებს ატარებს. იშოვა კაცმა ფული, დაათვალიერა ტოკიო, გამომუშავებული თანხით  შვილებს საჩუქრები უყიდა და ვალმოხდილი დაუბრუნდა ანჯელინა ჯოლის.

 

ეს უკანასკნელი თავის მხრივ გადასაღებ მოედანზე ოფლს ღვრიდა მორიგი ფილმის გადაღების დროს. ისე კი საინტერესოა კოკაისთან ან ტოჩინიშინთან იაპონიაში დაკავშირება. ისინი ქართველი სუმოისტები არიან და ალბათ ბრედ პიტზე რაიმე საინტერესო ინფორმაციის მოცემა შეუძლიათ. ამ მსახიობის წარსულს თუ გადავხედავთ, გავიხსენებთ რომ კარიერის დასაწყისში ”მისტერ სმიტი” წიწილის კოსტიუმში გამოწყობილი დაიარებოდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში და გამვლელებს რესტორნის სარეკლამო ბროშურებს ურიგებდა.

 

აი რა იცის ნიჭმა, შრომა არასდროს იკარგება და დასახულ მიზანს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევ. ისე კი, საინტერესო სანახავი იქნება ხინკლის კოსტიუმით მოარული ცოცხალი რეკლამა ჩვენი რესტორნების სიახლოვეს.