მომღერალი აჩი ფურცელაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში შიშზე, ტირილზე და სირცხვილზე საუბრობს:
რისი გეშინია?
– მეშინია ეჭვის. მე ვფიქრობ, რომ ეჭვი – ეს არის შიში, ეჭვი – ეს არის კომპლექსი. მე ასე დავარქვი. მე თვითონ არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ თუკი გაქვს ეჭვი, ასანთის თავის ხელა უნდა ჰქონდეს გონებაში, ოღონდ არ უნდა გაიზარდოს და არ უნდა დაპატარავდეს. ამით ვხსნი შიშს, იმიტომ რომ თუ გაიზარდა ეს ეჭვი, ესე იგი, შიში გაგეზარდა, რომ რაღაცას კარგავ, ამ დროს არაადეკვატური ხდები, რაღაცას იკიდებ და ხდები ზედაპირული. რაც გარშემოა – ჩემი ოჯახი, ჩემი საყვარელი ხალხი, სამეგობრო, ამის დაკარგვის მეშინია.
როდის ტირი?
– ძალიან მიამიტი, გულჩვილი, სენტიმენტალური ვარ. წლების განმავლობაში ბევრჯერ მიტირია ფილმზე. მე და ელე რომ ვუყურებთ ფილმს, ის თავისთვის, ჩუმად ფხუკუნებს ხოლმე, მე – ჩემთვის. ერთმანეთს ვუმალავათ, რას ვუმალავთ ნეტავ. მეტირება მაშინ, ხელჩაკიდებულ, ერთად მოსეირნე მოხუც წყვილს რომ დავინახავ, ზღვაზე რომ არიან ჩამოსული და ერთად დაკუსკუსებენ.
რისი გრცხვენია?
– მრცხვენია, რაც ინტიმურ რაღაცებს ეხება. ბავშვობიდან ასე ვარ, მაღაზიასა და აფთიაქში ვერასდროს ვიკითხავ პრეზერვატივს. ვერასდროს ვერ ვიტყოდი: გამარჯობა, პრეზერვატივი მინდა, იმიტომ რომ იმ მოლარემ და ირგვლივ ყველამ იცის, რომ მე დღეს სექსი უნდა მქონდეს. შესაბამისად, პრეზერვატივი არასდროს მიყიდია.