ყოველდღე დებთ პირობას, რომ დიეტაზე დაჯდებით ან ვარჯიშს დაიწყებთ, მაგრამ უმეტესად ამ დაპირებას ან თავიდანვე არ უწერია შესრულება, ან დაწყებულ საქმეს შუა გზაში ტოვებთ... საქმე მოტივაციაშია...
უფრო სწორედ, მის არარსებობაში. ყველას გქონიათ ალბათ ის მომენტი, როდესაც სერიოზულად გადაგიწყვეტიათ გახდომა, მაგრამ შემდეგ მეგობრებთან ერთად კაფეში ყოფნისას ცდუნებისთვის ვერ გაგიძლიათ და გემრიელად
მიგირთმევიათ... ყველაზე ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ არ გვესმის, რატომ უნდა დავიცვათ დიეტა. აი, სად გამოგვადგება მოტივაცია!
ზოგისთვის მოტივაცია, პლაჟზე ლამაზი სხეულით გარშემომყოფების მონუსხვა, ზოგისთვის კი კვლავ ჩაიცვას და მოიხდინოს ორი ზომით პატარა ძველი ჯინსის შარვალი. არ დაიჯერებთ, მაგრამ, რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინებით შეიძლება მშვენიერ შედეგს მიაღწიოთ. აუცილებლად გამოგივათ!
გააკეთეთ ფოტოალბომი
შეაგროვეთ ფოტოები თემაზე თუ როგორს ისურვებდით საკუთარი თავის ხილვას რამდენიმე თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელ კვებაზე გადახვალთ და ცხოვრების აქტიური წესის მიმდევარი გახდებით. გააკეთეთ ფოტოალბომი ტელეფონში, კომპიუტერში, სოციალურ ქსელში, შეიძინეთ და ხშირად დაათვალიერეთ მოდური ჟურნალები. შეგიძლიათ ჟურნალებიდან ამოჭრათ მსახიობების, მოდელების ფოტოები, ან იქნებ თქვენ ირგვლივ ან თქვენს სამეგობრო წრეში გყავთ უბრალოდ ლამაზი გოგონა, რომელიც შთაგაგონებდათ და დაგაფიქრებდათ იმაზე, რომ ცვლილებებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დრო დადგა!
გადაუღეთ ფოტოები საკუთარ თავს
გადაუღეთ ფოტოები საკუთარ თავს ტელეფონით ან ფოტოაპარატით ბიკინში ან საბანაო კოსტუმში. ჯერ ერთი, ფოტო შელამაზების გარეშე დაგანახვებთ სხეულს, მეორეც, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ თქვენი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატების შედარების საშუალება მოგეცემათ და ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩებით. სასწორი და სამოსი კი არა, ფოტოა თქვენი წარმატების საუკეთესო განმსაზღვრელი.
ეძებეთ თანამოაზრეები
თუ საქმეს დაქალებთან ერთად შეუდგებით, გახდომის და ფორმაში ჩადგომის პროცესი კიდევ უფრო სახალისო და ასატანი იქნება. მაგრამ, თუ თქვენს სამეგობრო წრეში არ მოიძებნა ასეთი ადამიანი, ინტერნეტი დაგეხმარებათ. არსებობს უამრავი ჯგუფი, ფორუმი, საიტი, სადაც საჭირო ინფორმაციასაც მოიძიებთ და მრავალ ახალ ამბავსაც შეიტყობთ დიეტებისა და მათი ეფექტურობის შესახებ.
ნუ აჰყვებით ცდუნებას
ხშირად, ჩვენი გეგმები გახდომასთან და დიეტასთან დაკავშირებით მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად ყოფნის დროს იშლება. და აი გაისმის თქვენი მისამართით:"ოოო, მოიცა რა, რა დიეტა, მიდი ჭამე, მერე გააკეთე შენი დიეტა, ყოველდღე ხომ არ ვხვდებით"... ისწავლეთ თავაზიანი უარის თქმა შემოთავაზებულ გემრიელობებზე. ყოველთვის იმაზე იფიქრეთ, რომ ერთი ნაჭერი პიცის ან თუნდაც მადისაღმძვრელი ტორტის ნაჭრის გამო არ ღირს ყველაფრის წყალში ჩაყრა, ნუ დაივიწყებთ თქვენ მიერ დათქმულ ვადას.
შეაქეთ საკუთარი თავი, თუნდაც შედეგი მინიმალური იყოს. შეიძინეთ "მაქებარი" ყულაბა და ყოველდღიურად, იმისათვის, რომ კარგად ივარჯიშეთ ან მაცდურ წინადადებაზე არ დათანხმდით ან სუფთა ჰაერზე ისეირნეთ, ჩაუშვით თანხა, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი. შეგროვილი თანხით რაც თქვენს გულს გაუხარდება, ის ნივთი შეიძინეთ. გაიფიქრებთ ალბათ, ნეტა რა უნდა შეგროვდესო, მაგრამ დამეთანხმეთ ქალებისთვის ერთი ლამაზი საყურის ან ბეჭდის შეძენაც ძალიან სასიხარულოა.
იმისათვის, რომ უფრო მარტივად და ხალისით იაროთ მიზნისკენ, გთავაზობთ სქემას:
1.პირველ რიგში ჩამოყალიბდით ზუსტად რამდენი კილოგრამის დაკლებას გეგმავთ: განზოგადება საჭირო არაა "რა ვიცი, რამდენიმე კილო უნდა დავიკლო"... ზუსტად უნდა იცოდეთ დასაკლები კილოგრამების რაოდენობა.
2.დათქვით დრო. დროის ჩარჩოები აუცილებლად გიბიძგებთ დასახული მიზნის კეთილსინდისიერად და დროულად მიღწევისკენ.
3.შეადგინეთ მოქმედების გეგმა. დაწვრილებით ჩამოწერეთ ვარჯიშის განრიგი: მაგალითად, დღეში რამდენ აზიდვას ან ბუქნს გააკეთებთ, რამდენ ხანს ისეირნებთ ფეხით ან დილაობით რომელ საათზე გახვალთ სარბენად. ეს კვებასაც ეხება. შეადგინეთ ყოველკვირეულად ზუსტი მენიუ.
4.დაიწყეთ მცირედით. ზოგადად, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ყველა ადამიანის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. მაგრამ თუ დრო არ გაქვთ ან განწყობაზე არ ხართ, შეზღუდეთ ვარჯიშის დრო, ფეხით სიარულის ან სირბილის ხანგრძლივობა, თუმცა ფიზიკურ დატვირთვაზე ბოლომდე უარს ნუ იტყვით.