10 წელია, რაც მსოფლიოში მოდისა და ტალანტის კონკურსი გათხოვილებისთვის და განათხოვრებისთვის – „მისის პლანეტა“ტარდება. მესამე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა ამ კონკურსს. შარშან სოფი ახალაძე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. წელს კი მომღერალმა ნინი შერმადინმა უნდა გვასახელოს. მომღერალი და მისი ნაციონალური დირექტორი გამგზავრების წინ, ფაქტობრივად, თვითმფრინავის ტრაპთან ჩავწერეთ.
ეკა მგალობლიშვილი:
– თავიდან მქონდა შიში იმისა, რომ ქმარი, ძმა ან ყოფილი ქმარი არ მისცემდნენ ქართველ გოგონებს ასეთ კონკურსებში მონაწილეობის უფლებას და თავს ვარიდებდი. სამი წელია, რაც ლიცენზია ავიღე და ჩავერთეთ ამ კონკურსში და მინდა გითხრათ, რომ კარგი გამოხმაურება მოჰყვა კონკურსს საქართველოშიც. შარშან სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი, სოფი ახალაძე გავგზავნეთ და საუკეთესო ხუთეულში გავიდა. წელს „მის და მისტერ პლანეტას“ რომ ვატარებდი საქართველოში, საერთაშორისო ჟიურიც გვყავდა სტუმრად. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ირინა პაპაზოვა, რომელიც არის ამ კონკურსის ორგანიზატორი. მოისმინა რა ნინის სიმღერა, გაუჩნდა იდეა, რომ ნინი წაგვეყვანა ზემოაღნიშნულ კონკურსზე.
როდის იმართება კონკურსი?
– დღეს მივფრინავთ მე და ნინი ბულგარეთში. 4 დღე სოფიაში ვიქნებით, 3– ველინგრადში. ფინალი 8 ნოემბერს სოფიაში ჩატარდება. 50 ქვეყნის კონკურსანტებიდან ფინალში მხოლოდ 20 გოგონა დარჩება.
რა პრიზი ერგება გამარჯვებულს?
– გვირგვინი და ფულადი პრიზი, 5 ათასი ევრო. აგრეთვე, საჩუქრები კონკურსის სპონსორებისგან. ორი გამარჯვებული დასახელდება კონკურსის ფინალზე. ერთი ტალანტის მიხედვით და ერთიც სილამაზის გათვალისწინებით.
ეკა, შენ სილამაზის არაერთი კონკურსი გინახავს და ჩაგიტარებია. მაინტერესებს შენი პროგნოზი, ნინი შერმადინს რა შანსები აქვს?
– ნინი არის ლამაზიც და ნიჭიერიც. ამიტომ ვფიქრობ, გრანპრი გვეკუთვნის. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მსოფლიო ჟიური.
ნინი შერმადინი:
– 6 წლის ვიყავი, პირველად ყვარელში სილამაზის კონკურსზე რომ გამოვედი და ძალიან დამჩაგრეს. გატეხილი თოჯინა მაჩუქეს. თმა ძვრებოდა და ხერხემალშიც გადამტვრეული იყო. ისე მახსოვს, როგორი მონდომებით ვემზადებოდი ამ კონკურსისთვის,პირველ ნომრად გამოვდიოდი და ძალიან ვღელავდი. იმდენი ვიტირე, გატეხილი თოჯინის გამო... არასდროს არ დამავიწყდება ეს იმედგაცრუება.
და გადაწყვიტე, ბავშვობის ოცნება რეალობად აქციო?
– არა, მე არა, კონკურსის ორგანიზატორებს შევხვდი საქართველოში, მათი ინიციატივა იყო. მე უბრალოდ დავთანხმდი, ეს იყო და ეს. უარი არ ვთქვი, რადგან ეს ტალანტის კონკურსიც არის.
საცურაო კოსტიუმის ტური იქნება?
– არა, რა თქმა უნდა. სხვა შემთხვევაში არ გავიდოდი. არ მაქვს ისეთი ფორმები, რომ მსოფლიო კონკურსზე გამოვაჩინო.
დიდ ხმაურსა და მხიარულებას გამოიწვევს შენი მონაწილეობა განათხოვრების მსოფლიო კონკურსზე...
– მეც ძალიან მეცინება ამაზე და სხვას როგორ ავუკრძალო.
რას ჰპირდები შენს გულშემატკივარს?
– სცენაზე დგომა და თავის წარმოჩენა არ მიჭირს. დანარჩენი ჟიურის მივანდოთ.