მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს სრულდება 30 წელი ცნობილი ჯგუფი “Metallica”-ს დაარსებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებს რამდენიმე ღონისძიება აქვთ დაგეგმილი.
2011 წლის 5, 7, 9 და 10 დეკემბერს მუსიკოსების მშობლიურ ქალაქ სან-ფრანცისკოში “Metallica”-ს კონცერტები გაიმართება. ამ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი ისეთივე იქნება, როგორც ჯგუფის არსებობის პირველ წლებში – 6 დოლარი.
ერთი თვის წინ, “Metallica”-მ საკუთარ თაყვანისმცემლებს ერთი სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ აცნობა. საუბარი იყო ახალი სტუდიური ნამუშევრის ჩაწერაზე, რომელიც ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტის სახეს მიიღებდა. მუსიკოსებმა მაშინ განაცხადეს, რომ მსმენელებს სიურპრიზს უმზადებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი იყო ახალი ალბომის სამუშაო პროცესში ლუ რიდის ჩართვაზე.
ამ პროექტის იდეა 2009 წელს დაიბადა. იმ წელს “Metallica”-მ და ლუ რიდმა მონაწილეობა მიიღეს როკენ როლის დიდების დარბაზის 25 წლისთავისათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. ერთობლივი ალბომის ჩაწერა მუსიკოსებმა მაშინ გადაწყვიტეს.
ახალი ალბომის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ მუსიკოსებს ათი კომპოზიცია უკვე ჩაწერილი აქვთ.
“Metallica”-ს ბოლო სტუდიური ალბომი “Death magnetic” 2008 წლით არის დათარიღებული.
რამდენიმე კვირის წინ, დიდ ბრიტანეთში გამომავალმა მუსიკალურმა ჟურნალმა “Kerrang!”-მა გამოაქვეყნა მისი ვერსიით, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო როკ ჯგუფების ჩამონათვალი.
ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო როკ-ჯგუფად მიჩნეულია “Metallica”.
“ძალიან გვესიამოვნა როდესაც გავიგეთ, რომ გამომცემლობა “Kerrang!”-მა საუკეთესო როკ-ჯგუფის წოდება მოგვანიჭა. ბრიტანელების აზრით, ჩვენ მთელი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ფუნქცია შევასრულეთ. წინა საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანული მეტალის უკეთ გაცნობის მიზნით ინგლისში რამდენიმე წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ხშირად მიწევდა მოგზაურობაც და ჟურნალი “Kerrang!” ჩემი მუდმივი მეგზური გახლდათ” – განაცხადა “Metallica”-ს დამრტყმელმა ლარს ულრიხმა.