გუშინ ცნობილმა მუსიკოსმა, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრმა სერ პოლ მაკარტნიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალში.
ამ ღონისძიების ორგანიზატორები მსოფლიოში რამდენიმე ცნობილ როკ ჯგუფთანაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. სამწუხაროდ ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან “The Rolling Stones”-ისა და “Led Zeppelin”-ის წევრებმა ოლიმპიური თამაშების გახსნა-დახურვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სასტიკად იუარეს.
საბოლოოდ “ძველი გვარდიიდან” მხოლოდ პოლ მაკარტნი შემორჩა. ის სცენაზე ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად გამოჩნდება.
ცოტა ხნის წინ, პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ამერიკულ შოუ გადაცემაში აღნიშნა, რომ მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები.
მაკარტნის შესთავაზეს ამ ღონისძიების გახსნისა ან დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. სერ პოლი მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა და კონკრეტული დეტალების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა კერძო გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და პოლ მაკარტნი სცენაზე რინგო სტართან ერთად გამოვიდოდა
.
ამ ორი მუსიკოსის გვერდით ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის შვილებიც უნდა დადგარიყვნენ.
სამწუხაროდ წინა კვირას, რინგო სტარმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
“Sky News"-ის ჟურნალისტს ექს-ბითლზმა განუცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების დღეებში მას აშშ-ში საკონცერტო ტურნე აქვს დაგეგმილი.
ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ მის გახსნა-დახურვის ცერემონიალში მონაწილეობას შემდეგი მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ: “Spice Girls”, “Girls Aloud”, “Coldplay” და “Muse”.