მაიკლ ჯექსონს ოქტომბერში გაიხსენებენ

მაიკლ ჯექსონს ოქტომბერში გაიხსენებენ

მიმდინარე წლის ოქტომბერში, უელსის ქალაქ კარდიფის “მილენიუმის” სტადიონზე გაიმართება ცნობილი მომღერლის მაიკლ ჯექსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. ეს ინფორმაცია ორი დღის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მუსიკოსის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

 

ჯექსონის დედა კეტრინმა, და ლა ტოიამ და ძმებმა ტიტო, ჯეკიმ და მარლინმა განაცხადეს, რომ ამ ღონისძიებაში რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. მათი ვინაობის გამხელისაგან ჯექსონის ოჯახის წევრებმა ჯერ-ჯერობით თავი შეიკავეს.

 

კონცერტში მონაწილე მუსიკოსების სახელები ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გახდება ცნობილი. ამ დღეს დაიწყება ამ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. წინასწარი მონაცემებით, მაიკლ ჯექსონის ხსოვნას პატივს 75 ათასი ადამიანი მიაგებს.

 

კონცერტის ჩატარებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ თავად მუსიკოსის ოჯახის წევრებს შორისაც. ჯექსონის ძმებმა ჯერმაინმა და რენდიმ, ასევე და ჯანეტმა ამ ღონისძიების გამართვის იდეა არ მოიწონეს.

 

მიმდინარე წლის ოქტომბერში, აშშ-ში ჩატარდება ექიმ კონრად მიურეის სასამართლო პროცესი. ეს პიროვნება მაიკლ ჯექსონს მკურნალობდა და ბრალად მუსიკოსის არაგანზრახ მკვლელობა ედება. ჯანეტ ჯექსონის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, რომ კარდიფში დაგეგმილი კონცერტი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჩატარებულიყო.

 

მუსიკოსის ოჯახის დანარჩენმა წევრებმა, ჯანეტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.