რამდენიმე დღის წინ ცნობილმა მუსიკოსმა, ჯგუფი “Led Zeppelin”-ის ყოფილმა ვოკალისტმა რობერტ პლანტმა უელსის პატარა ქალაქ მონმუტში კონცერტი ჩაატარა. მას 200-მდე ადამიანი დაესწრო. ბილეთები მხოლოდ და მხოლოდ სამი ფუნტი სტერლინგი (4.5 ევრო) ღირდა.
მონმუტში გამართული კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იყო. მისგან შემოსული მთელი თანხა პიკის დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაცია “Pick's Dislase Support Group”-ს გადაეცა.
ამ ავადმყოფობით მიმდინარე წლის იანვარში პლანტის მეგობარი და პროდიუსერი პეტ მორანი გარდაიცვალა.
საკონცერტო სცენაზე სახელოვან მუსიკოსთან ერთად ორი ადგილობრივი ჯგუფიც ავიდა. რობერტ პლანტმა როგორც “Led Zeppelin”-ის, ასევე საკუთარ სოლო ალბომში შესული კომპოზიციები შეასრულა.
ამ ღონისძიების ორგანიზატორი პეტ მორანის ძმა ბრაიანი გახლდათ. კონცერტის შემოსავალმა 1500 ფუნტი სტერლინგი (1697 ევრო) შეადგინა.
რობერტ პლანტი პეტ მორანთან 1982 წლიდან თანამშრომლობდა. მათ ერთობლივი ძალისხმევით რამდენიმე ალბომი ჩაწერეს.
რობერტ პლანტი 1948 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ინგლისში, სტადფორდშირის საგრაფოს ქალაქ უესტ-ბრომიჯში. ცნობილია როგორც ჯგუფი “Led Zeppelin”-ის ვოკალისტი.
“Led Zeppelin”-ის დაშლის შემდეგ სოლო კარიერა წამოიწყო.
პირველი დამოუკიდებელი ალბომი “Pictures at Eleven” 1982 წელს გამოუშვა. მის ჩაწერაში ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ფილ კოლინზი, ბერიმორ ბარლოუ, კოზი პაუელი და რიჩი ჰეიუორდი.
1982 წლის შემდეგ რობერტ პლანტმა თერთმეტი ალბომი ჩაწერა.
მუსიკოსის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Band of Joy” გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა.