ბოლო დღეებში გაისმის მაღალმხატვრული შეფასებები, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ციხე დაამსგავსეს ჰოლივუდის გადასაღებ მოედანს, საიდანაც ყოველდღიურად ახალ-ახალ სერიალებს გვთავაზობენ. მას შემდეგ, რაც მირზა სუბელიანის მონაწილეობით პირველი სერიალი ჩაიწერეს და მისი გულისტკივილიც მოგვასმენინეს, ამჯერად მეორე სერიალის დრო დადგა, სადაც მირზა სუბელიანი განმარტავს, თუ რა იყო პირველი სერიალის ჩაწერის მაპროვოცირებელი. იგი ამბობს, რომ მას შეუძლია იცრუოს და ხელისუფლებას თავი ამართლებინოს.
როდის უფრო გულახდილი იყო პატიმარი, პირველ თუ მეორე სერიალში, ამის გარკვევა, ქართველი ანალიტიკოსების აზრით, მეორეხარისხოვანია. მათთვის მთავარი თავსატეხია, როგორ ხდება ციხიდან ჩანაწერების გამოტანა და ყოველ დროში რატომ ამართლებს ფრაზა, რომ ციხე შიგნიდან ტყდება?!
ანალიტიკოსი, უსაფრთხოების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარია, გავიგოთ, ასეთ კარგად დაცული რეჟიმის ობიექტში როგორ მოხდა ჯერ ასეთი მაღალი დონის ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ ამ ჩანაწერის გამოტანა. ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ, როგორც ჩანს, აქ უკვე ამოქმედდა მეხუთე კოლონის ფაქტორი და ნაცისტური პარტიის მიერ ციხეში მოხერხდა სუბელიანზე კონტაქტი.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ნაცისტური სპეცსამსახურების წარმომადგენლებიდან ზოგიერთი მათგანი გადავიდა კერძო დეტექტიურ სამსახურში, ან ისინი სხვა ტიპის კერძო სტრუქტურებში დასაქმდნენ, რომლებიც დღეს სოკოებივით მომრავლდნენ. ციხეებში მყოფი ყოფილი ჯალათები კერძო დაცვით კომპანიებში უცებ რომ აღმოჩნდნენ, მაშინვე გაუჩნდათ ტექნიკური, ფულადი საშუალებები. მით უმეტეს, თუ ეს სამსახურები დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან, ამის გაკეთება იოლად მოხდებოდა. ვინ გამოიტანა ეს ჩანაწერი, ამას გამოძიება დაადგენს. ბუნებრივია, ციხის უსაფრთხოების სამსახურისგან მოხდა მისი გაჟონვა. ციხის უსაფრთხოების სამსახურს ევალება მოსმენების საკითხი.
ჩემთან რომ შემოდიოდნენ სასულიერო პირები და სხვები, ვიცოდი, რომ ხდებოდა მოსმენა და თუნდაც მოლაპარაკების ოთახში მოსასმენი აპარატურა და ვიდეოც იყო დამონტაჟებული. ჩემთან თვითონ საკანშიც იყო დამონტაჟებული ეს საშუალებები და ე.წ. პაემნების ოთახზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და არ გამორიცხავს, ეს სისტემა დღესაც გამოიყენეს, მოისმინეს საუბრები, მაგრამ მერე უკვე იმ მოსმენის ჩანაწერი როგორ გავიდა, ეს არის საკითხავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰიბრიდული სპეცოპერაციის მაგალითია.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილისთვისაც გამოცანაა, როგორ მოხდა ციხიდან ამ ჩანაწერის გამოტანა. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, პირველ რიგში, ციხის ადმინისტრაციისკენ მიდის კითხვები, რადგან ციხე შიგნიდან ტყდება.
„თუ ციხის რომელიმე თანამშრომელი არ არის გარეული ამ საქმეში, სხვანაირად ამის წარმოდგენა შეუძლებელია. აქ ისე ჩანს, რომ ეს ბოლო ჩანაწერები თავიდან ბოლომდე ინსცენირებულია. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს ე.წ. „კარანტინის დაშლა“, ვიხილეთ კიდეც ეს კადრები. ვინც იღებდა „კარანტინის დაშლის“ კადრებს, მან ძალიან ზუსტად იცოდა, რა უნდა გადაეღო. ახლაც, ვინც ჩაწერა სუბელიანის საუბარი, იმასაც უნდა სცოდნოდა, რას იწერდა, ანუ რა შინაარსის საუბარი იქნებოდა, დაახლოებით მაინც უნდა სცოდნოდა. ისე რა აზრი ჰქონდა ამის ჩაწერას? ანუ ეს ნიშნავს, რომ წინასწარ იყო დადგმული. თავად მირზა სუბელიანმა რაც ილაპარაკა და, როგორი ისრებიც გაუშვა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მარტო ხელისუფლების მიმართ რომ ყოფილიყო, კიდევ არაფერი, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა მათი დისკრედიტაციის მიზნით“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, ეს მარტო შანტაჟი არ ყოფილა, ეს იყო ძალზე სერიოზული დარტყმა, პირველ რიგში, სამართალდამცავ სისტემაზე, მთლიანად სახელმწიფოზე. ამიტომაც ეს ყველაფერი წინასწარ დადგმულ ინსცენირებას ჰგავდა.
„სხვანაირად გაუგებარია, ვინ ჩაიწერა. თავისი „დილიხორი“ ჰქონდა ვიღაცას და ჩაწერა? ეს ხომ შეუძლებელია. როცა ასეთი რამ ხდება, წინასწარ იციან, რაც უნდა ჩაწერონ“.