იოსებ ბაიაშვილი პირველად მთელი საქართველოსთვის ახლობელი 1979 წლის 14 აპრილს გახდა. ხალხური პოეზიის საღამოზე, რომელსაც უძღვებოდა ვახუშტი კოტეტიშვილი. მისივე წყალობით გამოიცა "ფოლკლორული რვეულების" სერიის ერთ-ერთ პირველ კრებულად, იოსებ ბაიაშვილის ლექსების მცირე ნაწილი.
იოსებ ბაიაშვილი გარდაიცვალა 1983 წლის 19 ივნისს. დაკრძალულია დედოფლისწყაროს რაიონის ქვემო ქედის სასაფლაოზე. ხატის გზაზე ფშავში მიმავალმა თავისი შვილიშვილის კალთაში დალია სული.
* * *
წუთია წუთისოფელი
დახამხამება თვალისა.
ამ ქვეყნად წესი არ არის
მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა
მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერვის შეუძლავ, ვერც შესძლოს
გახსნა სამარის კარისა.
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა,
მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი
ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის,
მთაზე ყვირილიც ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო,
თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს,
არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს
დატოვებულის კვალისა,
უქმად ნატარი სიცოცხლე
ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი
საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა
მამაცისა და მხდალისა?!
პ.ს. ქვემოთ მითითებულ ბმულზე მოისმენთ იოსებ ბაიაშვილის და სხვა ქართველი მოლექსეების უნიკალურ ჩანაწერებს