გუშინ დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა მუსიკალური ალბომების წინა კვირის მორიგი რეიტინგი. პირველ პოზიციაზე კვლავ მომღერალი ადელის სტუდიური ჩანაწერი “21”-ია. საინტერესოა, რომ ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის იანვრის მეორე ნახევარში გამოვიდა და დიდ ბრიტანეთში უკვე მეთვრამეტჯერ გალიდერდა.
მეორე ადგილი ამერიკელი მომღერალი ბეიონსის ალბომმა “4” დაიკავა. მესამეზე კი ქალბატონი ადელის მეორე ალბომი “19”-ია.
ბრიტანულ მას-მედიაში ცოტა ხნის წინ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. მომღერალ ადელს, ექიმებმა ერთი თვის განმავლობაში სიმღერა სასტიკად აუკრძალეს.
წინა თვეს 23 წლის მუსიკოსმა მწვავე ლარინგიტი გადაიტანა. ამ მიზეზის გამო აშშ-ში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს გაუქმება მოუწია.
ექიმების მკაცრი ვერდიქტით, ადელმა საკუთარი ყელი ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაასვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწევს. ამის გარდა, ადელი ნიკოტინის აქტიური მომხმარებელი ყოფილა და ამ მავნე ჩვევამ მის საერთო ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა.
“ექიმების მითითებას თუ არ დაემორჩილება, ადელის მომავალი კარიერა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი ყველა კონცერტი გავაუქმეთ. ივლისის თვე აქტიურ მკურნალობას უნდა დავუთმოთ” – განაცხადა მომღერლის პროდიუსერმა ჰილარი ჯონსმა.
ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა. სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა. ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი ემი ვაინჰაუსი. სიკვდილის შემდეგ მუსიკოსის პოპულარობა დიდ ბრიტანეთში უსაზღვროდ გაიზარდა. ამ მიზეზის გამო წინა კვირის ალბომების რეიტინგში ემი ვაინჰაუსის 2006 წლის ჩანაწერი “Back to Black” მოხვდა და 59-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.
გასული კვირის სინგლების ჰიტ-პარადში კვლავ ჯგუფი “The Wanted”-ის კომპოზიცია “Glad You Came” ლიდერობს.