ემი ვაინჰაუსი გარდაიცვალა

ემი ვაინჰაუსი გარდაიცვალა

23 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ემი ვაინჰაუსი. 27 წლის მუსიკოსი ჩრდილოეთ ლონდონის უბან კემდენში მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს. ემი ვაინჰაუზის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ამ თემაზე ექიმები მუშაობენ და მათი ვერდიქტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

საიდუმლოს არ წარმოადგენდა რომ ემი ვაინჰაუსი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში მას ევროპული საგასტროლო ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პირველივე ჩატარებული კონცერტის შემდეგ, მისი მენეჯერები იძულებულები გახდნენ კონცერტები გაეუქმებინათ. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილ კონცერტზე კი გამოვიდა, მაგრამ ისეთი მთვრალი გახლდათ რომ მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციის შესრულება შეძლო.

 

მიმდინარე წლის მაისში მომღერალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლონდონის სარეაბილიტაციო კლინიკა “Priory Clinic”-ში მკურნალობდა.

 

ემი ვაინჰაუსი სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნეოდა. სადებიუტო ალბომი “Frank” 2003 წელს გამოუშვა. პოპულარობა თავიდანვე მოიპოვა და ამ ალბომის 3.5 მილიონი ცალი გაიყიდა.

 

2006 წელს ემი ვაინჰაუსმა მსმენელები კიდევ ერთი სტუდიური ჩანაწერით გაახარა. ალბომი “Back to Black” ბრიტანულ ჰიტ-პარადებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ამ ალბომში შესულმა კომპოზიციამ “Rehab” თავის დროზე პრესტიჟული “გრემის” ხუთ ნომინაციაში იმარჯვა.

 

ამის შემდეგ მუსიკოსმა ორწლიანი ტაიმ აუტი აიღო და აქტიურ პროფესიულ მოღვაწეობას მხოლოდ 2010 წელს დაუბრუნდა. ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე აპირებდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის განხორციელებას ვეღარ შეძლებს.