დაშნაზე შემწვარი ხორცი

დაშნაზე შემწვარი ხორცი

მრავალი ქართველი მსახიობის მიერ განსახიერებული როლები ჩვენი კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი იგონებდა:

“სხვათა შორის, ხორცის შეწვა ბავშვობიდან მიყვარს... ერთხელ იცით, რა გავაკეთე?

პატარა რომ ვიყავი, ჩვენს მაცივარს მამამ საკეტი დაუყენა, დიდი “ზილ-მოსკვა” გვქონდა. დედაჩემი, ლეილა ძიგრაშვილი და მამაჩემი, ანდრო კიკალეიშვილი მსახიობები იყვნენ, თეატრიდან რომ მოვიდოდნენ, მაცივარში აღარაფერი ხვდებოდათ. ორი-სამი დღის საჭმელს ვჭამდი, მოკლედ საკეტი დაუყენეს და გასაღები წაიღეს. მახსოვს, ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც გავაღე. ვხედავ, ხორცი დევს, უყიდიათ და სამი დღის საჭმელი უნდა გააკეთონ.

ჩემს ძმას ეძინა. ავანთე გაზქურა. დაშნა მქონდა ორი ცალი, თუ გახსოვთ, “სირანო დე ბერჟერაკი” იდგმებოდა რუსთავის თეატრში და მამაჩემმა მომიტანა ორი დაშნა. დავჭერი ეს ხორცი, წამოვაცვი დაშნაზე და მივუჯექი გაზქურას. შევწვი მწვადები და ბოლომდე შევჭამე, მერე მაცივარიც გამოვაცარიელე. დედაჩემი და მამაჩემი დაღლილ-დაქანცულები მოვიდნენ თეატრიდან და გაგიჟდნენ – მაცივარი ცარიელი დახვდათ, როგორი ცარიელი, იცით? – როგორც ახალი”.

ბატონი იპოლიტე ხვიჩია იგონებდა:

“მახარაძეში გადაღებაზე მივდიოდით. ერთი ფეხმძიმე გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა და მიეფერა. როცა გაიგო, რომ გოგონასთვის ჯიბის ქურდებს 30 მანეთი ამოუცლიათ, ფულიც მისცა. გოგონა საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი-მეთქი.

და მოხდა საოცრება – ჩოხატაურში გამოგვეცხადა ეს გოგონა მეუღლითა და პატარა ეროსით. დავულოცე დიდი ეროსის პატარა მოსახელე და ვუთხარი: ეროსის ნიჭიც დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ-მეთქი”.

ბატონ კოტე მახარაძეს თეატრში მუშაობა და საფეხბურთო რეპორტაჟების წაყვანა ერთდროულად უწევდა. ამის გამო რუსთაველის თეატრში ხშირად უსიამოვნებები ხვდებოდა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას თავად იხსენებდა:

“ჩემს გამო ორჯერ ჩატარდა რუსთაველის თეატრში კრება, მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგო ზაქარიაძე იყო. ერთხელ გაბრაზებულმა მითხრა, ასე როგორ შეიძლება, კაცო? მარჯანიშვილი საფლავში ცხრაჯერ გადაბრუნდება, რომ გაიგოს კოტე მახარაძე სტადიონიდან პირდაპირ სცენაზე ადის და ურიელ აკოსტას თამაშობსო.

კრებაზე ხმები გაიყო და ბატონ სერგოს უნდა გადაეწყვიტა ჩემი ბედი – დავრჩებოდი თუ არა სამუშაოდ. ბოლოს ხელები ასწია და მითხრა: “გეტყობა, ძალიან გინდა, ნებას გრთავ, იკომენტატორე”. ამის შემდეგ თეატრი ხელს მიწყობდა და საფეხბურთო მატჩის დღეებში სპექტაკლს არ მინიშნავდნენ”.

ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძის კეთილშობილების საილუსტრაციოდ რეჟისორმა გუგული მგელაძემ ერთი ამბავი გაიხსენა. მას ამერიკიდან მიწვევა მიუვიდა, მაგრამ წასასვლელი ფული არ ჰქონდა. დოდო აბაშიძე შეხვდა და ჰკითხა: რას შვრები, მიდიხარ ამერიკაში, ფულის პრობლემები ხომ არა გაქვსო?

გუგულიმ არ გაუმხილა, რომ წასასვლელად ათას ორასი მანეთი სჭირდებოდა. მეორე დღეს დოდომ დედას დაარეკინა მასთან და მისი ხელით კონვერტი გადასცა, სადაც ათას ორასი მანეთი იდო.

“ყველაფერში იუმორი ჰქონდა. ძმაკაცები ჰყავდა საქმოსნები, როგორც ჩანს, მათში ბევრი იყო კეთილი ადამიანი. დოდო ხომ ვერ სთხოვდა მათ, ფული მჭირდებაო. ამიტომ პურმარილზე ეტყოდა ხოლმე: რამე არა გაქვთ, თქვენი ავტოგრაფები მჭირდებაო. ამოიღებდნენ ისინი ტკიცინა ასმანეთიანებს, მოაწერდნენ ხელს და გადასცემდნენ. იმ ფულს მერე დამშვიდებული ხარჯავდა”.

გუგული მგელაძეს დოდოსთვის ერთხელ უკითხავს: შენ თუ გაულახიხარ ვინმესო. კიო, უთქვამს დოდოს, ერთმა პატარა კაცმა გამლახაო. რატომო – დაინტერესებულა გუგული. მართალი იყო და იმიტომო - უპასუხია მსახიობს.

ფილმში “ქეთო და კოტე” მთავარი როლის შესრულების შემდეგ, ოპერის მომღერალი ბათუ კრავეიშვილი მეტად პოპულარული გახდა და, ცხადია, მის პანაშვიდზე უამრავი ხალხი, მათ შორის, ბევრი მისი კოლეგაც მოვიდა. როცა რამდენიმე სოლისტი ერთად გამოჩნდა იმ ოთახში, სადაც კრავეიშვილი ესვენა, მისმა მეუღლემ შეჰკივლა: „ბათუ, ბათუ, ამდენ ბარიტონში, რაღა შენ მოკვდი?“

მსახიობმა ბუხუტი ზაქარიაძემ წარმატებით შეასრულა სტალინის როლი რეჟისორ ნიკოლოზ ოზეროვის ფილმში და პრესაშიც თბილი რეცენზიები გამოქვეყნდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მის მეორე სურათში მონაწილეობაზე ცივი უარი განაცხადა.

- უზრდელია ეგ ოზეროვი, არ გამაგონოთ მეორედ მაგის სახელი!
- რატომ, ბატონო ბუხუტი? – ჰკითხეს კოლეგებმა.
- რატომ და იმიტომ, რომ გადაღებაზე რომ ვარ და თან სტალინის ფორმა მაცვია, ამდენ ხალხში ხან ბუხუტის მეძახის და ხან... ხუი ბუტის!

მსახიობი ბორის წიფურია იგონებდა:

“ჩემს ძმას ერთი იმისთანა ლექტორი ჰყავდა, თუ ხუთ თუმანს არ მისცემდი, ნიშანს არ გაღირსებდა. ამანაც ჩადო ჩათვლის წიგნაკში ფული და მიაწოდა. ლექტორმა ფული ჯიბეში გადააცურა და ნიშანი დაუწერა. გამოვიდა ჩემი ძმა და ხუთ წუთში უკან შევარდა.

- დედა, რა მეშველება! – შემოირტყა თავში ხელი და იატაკზე თვალებს აცეცებს,
- რა მოხდა? – ეკითხება ლექტორი.
- რა და სოფლიდან ხუთი თუმანი გამომიგზავნეს, ბინის ქირა უნდა გადამეხადა. აგერ ამ დასაწვავ წიგნაკში ჩავდე და ეტყობა, აქ სადმე ამოვარდა, აღარაა! – ლამის ტირილით უთხრა და მაგიდის ქვეშ შეძვრა ძებნა-ძებნით.
- ცუდი ამბავი მოგსვლია, - დადარდიანდა ლექტორი და მანაც ძებნა არ დაიწყო?!

ბოლოს ლექტორი დაიღალა იატაკზე ხოხიალით და ფული კუთხეში დააგდო:

- აგერ ყოფილა, აგერ! – დაანახა “გახარებულმა”.
- შენ აგაშენა ღმერთმა! – გამოართვა ფული ჩემმა ძმამ და ოთახიდან გავიდა.”