მასთან ურთიერთობა არ იყო იოლი...

მასთან ურთიერთობა არ იყო იოლი...

 

 

ხვალ, 25 ივლისს ცნობილი რუსი პოეტის, კომპოზიტორის, მომღერლისა და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის გარდაცვალებიდან 33 წელი სრულდება.

 

ვლადიმირ ვისოცკის მრავალი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ქართველი მოქანდაკე გუჯი ამაშუკელი. ეს უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

 

ცოტა ხნის წინ რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბატონ გუჯი ამაშუკელთან, რომლის ძირითადი თემა ვლადიმირ ვისოცკის პიროვნება და მისი პირადი ცხოვრების რამდენიმე ნიუანსი აღმოჩნდა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირეოდენი შემოკლებით.

 

ბატონო გუჯი, როდის გაიცანით ვლადიმ ვისოცკი?

– ვალოდიამდე მარინა ვლადი გავიცანი, რომელიც ჩემი მეუღლის კატიას ახლო მეგობარი იყო. იმ ხანად ჩვენ ოფიციალურად ჯერ დაქორწინებულები არ ვიყავით, მარინა ვლადის კი ვისოცკისთან ახლო ურთიერთობები მხოლოდ უყალიბდებოდა.

 

თქვენი მეუღლე მარინა ვლადის ჩინებულად იცნობდა. თავის დროზე დები პოლიაკოვები თამაშობდნენ სპექტაკლშისამი და“, რომელიც კატიას მამამ, რეჟისორმა ანდრე ბარსაკმა დადგა...

 

– მართალი ბრძანდებით, მათ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ. როდესაც მარინა მოსკოვში პირველად ჩამოვიდა, შეთანხმდნენ, რომ  სტუმრად გვეწვეოდა. მაშინ ერთი პატარა სახელოსნო მქონდა ტიხვინსკის ქუჩაზე. სახელოსნო კი ვუწოდე, მაგრამ ნახევრად სარდაფი უფრო იყო. მარინა ვლადი ჩვენთან ხშირად მოდიოდა. იმ ხანად ვისოცკისთან უკვე დაახლოებული იყო და გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო ერთგვარ კონსპირაციულ მეთოდებსაც მიმართავდა. ჩვენი ბინა ამისათვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. ერთხელაც, სახელოსნოში ვმუშაობდი და ქუჩაში მარტოდ მდგომი მარინა ვლადი დავინახე. რასაკვირველია, შესახვედრად გავეშურე. ამ დროს ვალოდიაც გამოჩნდა და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით.

 

მოსკოვში ჩამოსვლისას მარინა ვლადი ყოველთვის სასტუმრო „სოვეტსკაიაში“ ჩერდებოდა. ვალოდიას იქ არ მიესვლებოდა, რადგან მისი ვიზიტი მრავალ უსიამოვნო ფაქტორებთან იყო დაკავშირებული. თავად ვისოცკი იმ წლებში დედასთან ერთად ხრუშჩოვის ტიპის მომცრო ბინაში სახლობდა. ჩემი და კატიას ადგილსამყოფელი მათი შეხვედრების ე.წ. „ნეიტრალური“ ტერიტორია აღმოჩნდა. ზოგჯერ ვლადის მოსკოვში ვაჟიშვილებიც ჩამოყავდა. ბიჭები 10 და 12 წლისანი იყვნენ და ხშირად ჩემთან რჩებოდნენ. მათ რუსული არ იცოდნენ, მე - ფრანგული. ამის მიუხედავად, საერთო ენას იოლად ვპოულობდით.

 

როგორი იყო ვისოცკიზე თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

– ძალიან ნიჭიერი დ,ა ამავდროულად, გულღია პიროვნება იყო, საინტერესო მოსაუბრე. ხშირად სხვადასხვა იმპროვიზაციებს მიმართავდა, რომელიც საათობით გრძელდებოდა. დროდადრო ჩვენს საზოგადოებაში კონცერტებსაც აწყობდა. მართალია, ნახევრად ოფიციალური კონცერტების სიმცირეს არ უჩიოდა, მაგრამ იმდროინდელი საბჭოთა ოფიციოზი დარბაზებს ხშირად არ უთმობდა. საინტერესოა, რომ მის შემოქმედებით საღამოებზე მოსული მსმენელი ერთგვარ პროტესტს გამოთქვამდა, მაგრამ ვის მიმართ, ნამდვილად ვერ გავიგე. ვისოცკის სიმღერები ანტისაბჭოთა თემატიკით დახუნძლული არ იყო.

 

მასთან ურთიერთობა ხომ არ გიჭირდათ?

– ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ იოლი იყო, მაგრამ  საერთოს მაინც ბევრს ვპოულობდით.

 

თქვენი ნამუშევრები თუ აინტერესებდა?

– იმ პერიოდში რაიმე განსაკუთრებული ნამუშევარი ნამდვილად არ მქონია. ერთი ახალდამწყები მოქანდაკე ვიყავი. დიზაინერად ვმუშაობდი სამხატვრო ფონდის გამოყენებითი ხელოვნების კომბინატში, სადაც სათამაშოების მოდელებს ვქმნიდი.

 

ვალოდიას საკუთარი თავი უბრალოდ ეჭირა. რასაკვირველია, გული წყდებოდა, რომ მისი ნიჭიერება საბჭოთა კავშირში სათანადოდ დაფასებული არ იყო. ვისოცკი დამამახსოვრდა, როგორც განსაკუთრებულად რბილი და მოსიყვარულე პიროვნება, რომელიც ყოველთვის მზად იყო ახლობლისათვის დახმარების ხელი გაეწოდებინა. ამავდროულად, მეტად მგრძნობიარეც იყო. გულთან ახლოს მიჰქონდა ყველა ის უსამართლობა, რასაც მაშინდელ საბჭოთა კავშირში აწყდებოდა.

 

როგორ აღიქვამდა საკუთარ პოპულარობას?

– ძალიან სიამოვნებდა. განსაკუთრებული ხალისით გამოდიოდა ყველა იმ საღამოზე, სადაც პატიჟობდნენ. მე და კატია ხშირად ვესწრებოდით მის სპექტაკლებს ტაგანკის თეატრში. დროთა განმავლობაში სახელოსნო შევიცვალე და მდინარე იაუზის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გადავსახლდი. ახალი ბინა თეატრთან ახლოს მდებარეობდა. მარინა ვლადი სპექტაკლების დღეებში მეუღლეს ჩვენთან ელოდებოდა. ვალოდიას მოსვლის შემდეგ ყველანი ვვახშმობდით და გვიან ღამემდე ვსაუბრობდით.

 

დღემდე მახსოვს მარინა ვლადის ის დაბადების დღე, რომელიც ვისოცკის ახლო მეგობრის, სევა აბდულოვის დიდ ბინაში გადავიხადეთ. იმ საღამოს ქართული კერძებიც მოვამზადე, ცოტა მოგვიანებით კი სტუმრად მოსული ბულატ ოკუჯავა გავიცანი.

 

როგორ უყურებდა ვლადიმერ ვისოცკი საბჭოთა წყობას?

– რასაკვირველია, არ მოსწონდა, მაგრამ საჯაროდ ამის დაფიქსირებას ყოველთვის ერიდებოდა. ამ თემაზე საკუთარ აზრებს, მხოლოდ სამზარეულოში და ისიც ახლობლების საზოგადოებაში აფიქსირებდა. ის ნამდვილი რუსი პატრიოტი იყო, რასაც ის ფაქტორიც უწყობდა ხელს, რომ სამხედრო მოსამსახურის ოჯახში გაიზარდა. რომელი ნორმალური ადამიანი არ აძაგებდა დიად საბჭოეთს, მაგრამ ვისოცკი ამის დეკლამირებას მაინც ერიდებოდა.

 

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ რესტორანში ვახშმობისას სხვადასხვა უსიამოვნობაში გავრეულვართ. დღემდე არ ვიცი, ვისოცკი ოფიციოზის პროვოკაციების მსხვერპლი ხდებოდა თუ შემთხვევითი, მთვრალი პიროვნებები ესხმოდნენ თავს. ერთხელაც რესტორან „არაგვში“ ვიმყოფებოდით მეუღლეებთან ერთად და ალკოჰოლით გალეშილი რამდენიმე ადამიანი თავს დაგვესხა. ჩხუბში მონაწილეობის მიღება მეც მომიწია და მალე მილიციის უახლოეს განყოფილებაში აღვმოჩნდით. რასაკვირველია ჩვენი ვინაობის დადგენის შემდეგ უპრობლემოდ გაგვათავისუფლეს.

 

ვისოცკი ცნობილი ადამიანი იყო. საინტერესოა ქალების მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

– ძირითადად მხოლოდ მარინა ვლადის საზოგადოებაში ვხედავდი.  შემიძლია გითხრათ, რომ გამოუსწორებელი დონ-ჟუანის სახელი ჰქონდა. ტაგანკის თეატრში მრავალი მანდილოსანი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომლებსაც, რასაკვირველია, მარინა ვლადის ძალიან შურდათ. მამაკაცი მსახიობებიც მის მიმართ არაერთგვარად იყვნენ განწყობილები, ვალოდიას მეუღლე ხომ ცნობილი მარინა ვლადი იყო.

 

ცნობილია, რომ ვლადიმერ ვისოცკიმ უცხოეთში ვერ გაძლო.

– ის სულითა და ხორცით რუსი იყო და ამ ქვეყნის გარეთ ცხოვრება არ შეეძლო. ამის მიუხედავად განიცდიდა, რომ საზღვარგარეთ დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ. დასავლეთი მისთვის უცხო სამყარო აღმოჩნდა. არ იცოდა ენა, ვერ იპოვა ისეთივე ახლობელი მსმენელი, როგორიც საბჭოთა კავშირში ჰყავდა. ამის გარდა ბუნებით კონტაქტურმა ადამიანმა საზღვარგარეთ ნაცნობები ვერ შეიძინა.

 

ვისოცკისთან და მარინა ვლადისთან პარიზშიც თუ გააგრძელეთ ახლო ურთიერთობა?

– სამწუხაროდ, ეს კონტაქტები შეწყდა და ამის მიზეზსაც მოგახსენებთ. მარინა ვლადის საფრანგეთში მეუღლის წაყვანა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ საბჭოთა რეჟიმის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. უშუალოდ საფრანგეთში გადასვლის წინ სახელოსნოში მესტუმრა და შემთხვევით სოლჟენიცინის “არქიპელაგი გულაგი” მიპოვა. საკუთარი აღშფოთება ვერ დამალა და სერიოზულად ვიჩხუბეთ. ამ კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. კონტაქტი ჩემი პარიზში გადასახლების შემდეგაც არ გვქონია. ერთმანეთს მხოლოდ ვლადიმირ ვისოცკის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ შევხვდით. კლოდ ბერნარის გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები იყო გამოფენილი და მარინა ვლადი მოულოდნელად მოვიდა. ერთმანეთი გადავკოცნეთ და ძველი ურთიერთწყენაც წარსულის მოგონებებს გავატანეთ.