ბრიტანული პრესის მტკიცებით, ჯგუფი “Gorillaz”-ს ლიდერი დეიმონ ალბარნი აფრიკაში გაემგზავრა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახალ მუსიკალურ ალბომს ჩაწერს. ამ სტუდიური ჩანაწერის გაყიდვისაგან მიღებული მთელი შემოსავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია “Oxfam”-ს გადაეცემა. ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე სიღარიბის პრობლემების გადაჭრას ცდილობს.
დეიმონ ალბარნთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ პროდიუსერი დენიელ ნაკამურა, ლეიბლი XL-ის დამფუძნებელი რიჩარდ რასელი, დიჯეი დარელ კანინგემი, მულტიინსტრუმენტალისტი Kwes და რამდენიმე სხვა მუსიკოსი.
ალბარნი და მისი მეგობრები ახალ სტუდიურ ჩანაწერს ერთ კვირაში დაასრულებენ. მის სამუშაო პროცესში ადგილობრივი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ამ პროექტის გარდა, დეიმონ ალბარნი ახალ ოპერაზე მუშაობას ასრულებს, აგვისტოს პირველ ნახევარში კი მისი ხილვა ირლანდიაში დაგეგმილ მუსიკალურ ფესტივალზე “Cork Jazz Festival” იქნება შესაძლებელი.
აფრიკის კონტინენტზე ალბომის ჩაწერა მუსიკოსისათვის სიახლე არ გახლავთ. 2001 წელს ალბარნმა მალიში ალბომი “Mali Music” ჩაწერა. იმ პროექტშიც ბრიტანელთან ერთად ადგილობრივმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
ელექტრონულ-ვირტუალური ჯგუფი “Gorillaz” ერთგვარი მუსიკალური პროექტია, რომელიც 1998 წელს განახორციელეს მუსიკოსმა დეიმონ ალბარნმა და მხატვარმა-მულტიპლიკატორმა ჯეიმი ჰიულეტმა. ამ უკანასკნელს ეკუთვნს თავის დროზე დიდ ბრიტანეთში პოპულარული კომიქსების სერიის “Tank Girl” შექმნის პატივი.
პროექტი “Gorillaz” უშუალოდ მუსიკალური კომპოზიციების გარდა ითვალისწინებს გამოგონებული ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობასაც. ამ მიზეზის გამო “Gorillaz”-ს ვირტუალურ-მუსიკალური ჯგუფის სახელი აქვს.
ჯგუფი ოთხი ვირტუალური-ანიმაციური მონაწილისაგან შედგება: 2D (ვოკალი, კლავიშები), მერდოკი (ბას-გიტარა), ნუდლი (გიტარა, კლავიშები, ვოკალი) და რასელი (დოლი).