ბასილაშვილი China Open-ის ჩემპიონი გახდა

ბასილაშვილი China Open-ის ჩემპიონი გახდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი China Open-ის გამარჯვებული გახდა. ნიკამ ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. კარიერაში 500-იანი კატოგორიის მეორე ტიტული და ზოგადად ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო. ამ გამარჯვებით ბასილაშვილი რეიტინგში 34-ე ადგილიდან 23-ე პოზიციაზე აღზევდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკა დააფიქსირებს რეიტინგში საუკეთსო მაჩვენებელს 23-ე ადგილს.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 500 სარეიტინგო ქულა და 733 320 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

აშკარაა, რომ ბასილაშვილს მეტოქე კარგად ჰყავდა შესწავლილი. ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელს ძირითადად „ბექჰენზე“ ეთამაშებოდა, საიდანაც დელ პოტრო მხოლოდ ბურთის უბრალოდ გადაგდებით იყო დაკავებული. ნიკამ საოცრად აქტიურად და აგრესიულად ითამაშა, ხუან მარტინი კი დაცვიდან თამაშობდა. ბასილაშვილმა 8 შესაძლებლობიდან ორი ბრეიკი შეასრულა, ხოლო დელ პოტრომ 7-დან ვერც ერთი ბრეიკის გაკეთება ვერ გაახერხა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ სეტში 1:1-ზე ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, რაც სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 3:2-ზე ნიკას სასარგებლოდ თავის ჩაწოდებაზე 15:40-ს აგებდა , თუმცა მოახერხა და ორი ბრეიკი-პოინტი გადაარჩინა. დანარჩენი ორი გეიმი ქართველმა ჩოგბურთლმა მარტივად მოიგო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე პარტიაში დელ პოტრო შედარებით უკეთ ათამაშდა. 4:3-ზე, არგენტინელის სასარგებლოდ, სეტის კრიტიკული მომენტი იყო, ნიკოლოზმა სამი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და 4:4-ზე მან ბრეიკი იქით შეასრულა და კარიერაში მეორე დიდ წარმატებას მიაღწია.

China Open-ის ისეთ ჩოგბურთელებს მოუგიათ, როგორებიც არიან რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი და ტომაშ ბერდიხი.