ბაქრაძე, გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, მერაბიშვილსა და ახალაიას კი - შეიწყალებს

ბაქრაძე, გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, მერაბიშვილსა და ახალაიას კი - შეიწყალებს

იმ შემთხვევაში თუკი „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნებში გაიმარჯვებს, „ყველა პოლიტიკური დევნილი“  შეწყალებული იქნება. მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები - ვანო მერაბიშვილი და დათა ახლაია, - ამის შესახებ „რეზონანსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

„პრინციპული მიდგომა არის ასეთი - აბსოლიტურად ყველა ადამიანს ექნება საშუალება, რომ აღარ იყოს  პოლიტიკური დევნილი; როგორც ქვეყნის გარეთ გარიყულ ხალხს, როგორიც სააკაშვილია, ისე იმ ხალხს, ვინც ციხეშია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები იქნებიან შეწყალებული. გვარების მიუხედავად, ეს ეხება ყველას,“ – აცხადებს კაპანაძე.

მისივე თქმით, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძე გაიმარჯვებს, ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში დადგება და მას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა.

„ყველა ადამიანს, ვინც არის პოლიტიკური დევნილი, აქვს უფლება აღარ იყოს პოლიტიკური დევნილი და იყოს საქართველოში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის პოლიტიკური დევნილი თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მოქალაქეობა დაკარგა, ეს იქნება სააკაშვილი თუ სხვა ადამიანი, მისი საქმე  განხილული იქნება და შესაბამისი გადაწყვეტილება კი - მიღებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.