"მე პუტინი არ ვარ და ვსვამ ქართველი ხალხის სადღეგრძელოს"

ისტორიკოსი გუგა სამხარაძე რუსი ტურისტების ჯგუფთან მუშაობის დროს მომხდარ შემთხვევას იხსენებს:

"3 დღის წინანდელი ამბავი რომ არ გითხრათ, გული გამისკდება. კომპანიას, რომელშიც ვმუშაობ, აქვს წესი - ჭიქა ღვინით (უფასოდ) უმასპინძლდება ტურისტებს. ჰოდა, როცა რუსი ტურისტების ჯგუფი ამოვიდა და ღვინო შევთავაზეთ, "სადღეგრძელო გვითხარიო" - მთხოვეს. ვუპასუხე (სიცილით) - "მე თქვენი ნათქვამი სადღეგრძელო უფრო მაინტერესებს მეთქი"

ჯგუფი შერეული იყო (ანუ - ერთმანეთს არ იცნობდნენ) - წამოხტა ერთი კაცი (როგორც შემდეგ გაირკვა- მოსკოველი) და დაიძახა: " ია პიუ ზა იმპერიუ როსიისკუიუ" და ჭიქა დაცალა. შეიქმნა მეტად უხერხული სიტუაცია, მე გავფითრდი. ყველას ჭიქა ხელში გაუშეშდა.

ვითარება წამებში განმუხტა ერთმა ქალბატონმა (როგორც გაირკვა, აგრეთვე მოსკოველმა) - დინჯად წამოდგა, ჭიქა აიღო და თქვა: "მე ვსვამ საქართველოს სადღეგრძელოს. საქართველო მარტო ლამაზი ბუნება არ არის. საქართველო, პირველ რიგში, უკეთილშობილესი ქართველი ხალხია. ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ და ქართველებისგან კეთილგანწყობის გარდა არაფერი მიგრძვნია, მიუხედავად ასეთი დაძაბული ურთიურთობისა რუსეთ-საქართველოს შორის. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ქართველებმა კარგად იციან, რომ მე პუტინი არ ვარ. მე ვსვამ ქართველი ხალხის სადღეგრძელოს. თქვენ კი, ბატონო ჩემო, - მიუბრუნდა იმპერიის მადღეგრძელებელს - უბრალოდ, უზრდელი ხართ და თქვენს დონემდე არასდროს დავეშვები"

ამ სიტყვებს მოჰყვა ტაში დანარჩენი რუსების მხრიდან,რომლებმაც ერთხმად აიტაცეს სადღეგრძელო. იმპერიის მადღეგრძელებელი, ექსკურსიის ბოლომდე, აბსოლუტურად გარიყული იჯდა ავტობუსში, მას არავინ ეკონტაქტებოდა." - წერს გუგა სამხარაძე ფეისბუქზე.