„თუ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, მე ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს. დიახ, აბა, ვის უნდა დავუჭრო მხარი, თუ არა ქალბატონ სალომეს. უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო, სიყვარულის ნაყოფო, თქვენ მინდა მოგესალომოთ“, - ამ სიტყვებთი მიმართა ლადო კახაძემ რუსთაველის თეატრში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას, სადაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვედობდა.
ლადო კახაძის ამ ემოციურ სიტყვას გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, რომ კახაძის ეს სიტყვები მისთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან სწორედ ამ სცენიდან, ასეთივე აღმაფრენით მიმართა გასულ საუკუნეში „მოქალაქეთა კავშირში“ გადაბარგებულმა ყოფილმა „ლეიბორისტმა“ ლადო კახაძემ ედუარდ შევარდნაძეს.
„ლადო კახაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ მალევე „მოქალაქეთა კავშირმა“ გადაიბირა და გაიყიდა თხასავით. სასწრაფოდ ჩახტა შევარდნაძის ნავში.
„ეს შემთხვევით არ ყოფილა, ამის გამო გარკვეული მატერიალური ხეირიც ნახა და ალბათ ახლაც ამას ელოდება. ვერ ხედავთ, რა რიგები დგას სალომე ზურაბიშვილის კარზე მის დასაფინანსებლად?!
„ლადო კახაძეს პოლიტიკური მოღალატეობა წესად აქვს ქცეული და არა მარტო მას, ვინც ამ დარბაზიდან დითირამბებს აფრქვევდა - ის ხალხი ვინც ჯერ შევარდნაძესთან იყო, შემდეგ სააკაშვილთან და ახლა ივანიშვილის კარზე აღმოჩნდნენ და მისი ხელის შემყურენი არიან.
„საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ქვეყნის მეთაური, მთავარსარდალი, ამ თანამდებობაზე მხოლოდ პოლიტიკოსი უნდა იყოს, დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილების მქონე და არა ვინმეს ხელის ბიჭი“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.