საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთლი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა, რომლის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია!
ბასილაშვილმა ნახევარფინალში რეიტინგის მე-16 ნომერი კაილ ედმუნდი ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო. ჩვენებურმა დიდი ბრიტანელის ძლევას საათი და 41 წუთი მოანდომა. განსაკუთრებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, რომლის პირველი გეიმი ბასილაშვილმა მოიგო, როდესაც მეტოქეს ჩაწოდებაზე აჯობა, თუმცა, შემდგომ სუნთქვის პრობლემები შეექმნა და მიჯრით ორი გეიმი წააგო. შემდგომ ამისა, თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგარძელდა და ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა. აქ, ედმუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ანგარიში 4:1 წაიყვანა, მაგრამ ნიკამ მობილიზება მოახერხა, ზედიზედ 5 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და საბოლოოდ, ტაიბრეიკი 8:6, ხოლო პირველი სეტი 7:6 მოიგო.
გაცილებით მარტივი გამოდგა მეორე სეტი, რომელიც ბასილაშვილმა 39 წუთში მოიგო. სეტის საწყისი სამი გეიმი ქართველის გამარჯვებით დასრულდა და ნათელი იყო, რომ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა. მიუხედავად ამისა, ედმუნდმა ბოლომდე იბრძოლა და 5:3-ზე ნიკას ჩაწოდებაც მოიგო. და მაინც, ბასილაშვილმა იძალა, ბრიტანელს თავისსავე მოწოდებაზე შანსი არ დაუტოვა და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა - 7:6, 6:4. ნიკამ 7 ეისი შეასრულა (სამის საპასუხოდ), თუმცა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა აღნიშნული გამარჯვებით 300 სარეიტინგო ქულა და 395 510 დოლარი გამოიმუშავა.
ქართველი ჩოგბურთელი პეკინის ტურნირის ფინალში რეიტინგის მეოთხე ნომერს, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელიც ფინალში უბრძოლველად გავიდა, რადგან იტალიელი ფაბიო ფონინი ტრავმის გამო შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
ბასილაშვილისა და დელ პოტროს ფინალური შეხვედრა 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ქართველი არგენტინელ ჩოგბურთელს აქამდე ერთხელ დაუპირისპირდა. 2017 წლის 9 ოქტომბერს, შანხაის ტურნირის 1/32 ფინალში დელ პოტრო ბასილაშვილს 2 საათში გაუმკლავდა და სამ სეტში დაამარცხა - 6:2, 3:6, 6:4. ჩვენის მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ხვალინდელ მატჩში, ზუსტად ერთი წლის თავზე რევანშის აღებას მოახერხებს...