ძაბირაძე: გვარამია შეგნებულად აკეთებს „ოცნებისთვის“ სასარგებლო განცხადებებს

ძაბირაძე: გვარამია შეგნებულად აკეთებს „ოცნებისთვის“ სასარგებლო განცხადებებს

ნიკ გვარამია არ არის „უნიჭო კაცი“ და იგი გამიზნულად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ყველა, ვინც სალომე ზურბიშვილს ან აფინანსებს, ან კამაპნიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ქვეყნის ღია დეკლარირებული მოღალატის დახმარება, დახმარება ქვეყნის ღალატში.  

„ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ“, - წერს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუკში“.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის და „ოცნების“ სასიკეთოდ მუშაობს.

„რატომ აკეთებს ამ განცხადებას გვარამია, საკითხავი ეს არის, რადგან „ოცნება“ ამ განცხადებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ამომრჩეველს ეტყვის - ნახეთ, თუ ისინი დაბრუნდებიან, რა მოხდება. 

„გვარამია ნამდვილად არ არის უნიჭო კაცი და არ შეიძლება მან ეს კარგად არ იცოდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამიზნულად გააკეთა. 

„მე ადრეც ვამბობდი, რომ ოპოზიცია, კერძოდ „ნაცმოძრაობა“, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის არ იბრძვის. მისი მთავარი მიზანია მეორე ადგილი მოიპოვოს და როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალა, ისე მივიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მისი მთავარი მიზანია დაამარცხოს „ევროპული საქართველო“ და მათთან გადასული „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი უკან დაიბრუნოს. ეს არის ამ განცხადების მთელი ფილოსოფია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.