2018 წლის ზაფხულში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსს მასში მონაწილე კონკურსანტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს. მათი აზრით, აღნიშნული კონკურსი უპრეცედენტო იყო, როგორც კომისიის დაკომპლექტების პროცედურის უხეში დარღვევით, ისე სუბიექტურობისა და ლობირების მაღალი ხარისხით.
კონკურსანტების ნაწილის განმარტებით, 2018 წლის 31 ივლისს დასრულებული კონკურსით ღირსეული კონკურსანტები (საუბარია 8 კონკურსანტზე) აკადემიური თანამდებობის მიღმა აღმოჩნდნენ.
For.ge კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორს, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუტეტის ლექტორს დავით ნიჟარაძეს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ საკონკურსო კომისია დააკომპლექტა და წარადგინა ფაკულტეტის ახლად „არჩეულმა“ დეკანმა მაშინ, როცა თვით ბატონი დეკანი იყო კონკურსანტი. ეს ნიშნავს, რომ კომისიის წევრების მხრიდან ფარული გარიგებისა და კლანურობის ნიშნები იკვეთებოდა? რას აკეთებს ამ დროს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო?
- კომისიის წევრების მხრიდან ნამდვილად იკვეთებოდა ფარული გარიგებისა და კლანურობის ნიშნები. ზოგადად, გუნდური მუშაობის ნაცვლად უნივერსიტეტში დაპირისპირება და არაჯანსაღი მეთოდებით ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის განწყობა იგრძნობა. ის ადამიანები, რომლებიც გასულ წლებში თავად აპროტესტებდნენ უნივერსიტეტის მიღმა დარჩენას და უპირისპირდებოდნენ კლანურობას, ახლა თავადვე ისე ორგანულად გახდნენ ამ უსამართლო სისტემის არაფორმალური რეჟისორები, რომ არანაირ უხერხულობას არ განიცდიან. ზოგადად, გეტყვით საკონკურსო კომისიის მუშაობის შესახებ და აკადემიურ საბჭოსაც შევეხები. კომისიის წევრები მთელ რიგ შემთხვევაში იყვნენ არაობიექტურები და ტენდენციურები. ზოგიერთი მათგანის კვალიფიკაცია ვერც დავადგინეთ. მაგალითად, საკონკურსო კომისიას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათელა (ნათია) თურნავა, ამჟამად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ჩვენთვის უცნობია, აქვს თუ არა მას პედაგოგიური გამოცდილება და, ცხადია, შეკითხვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მისი მოადგილე იყო ბატონი შალვა მაჭავარიანი, რომლის აკადემიური ხარისხიც, ასევე, ვერ დავადგინეთ. სავარაუდოდ, იგი ეკონომიკის დოქტორი არ არის და თავადვე უნდა მოეხსნა კომისიას არაკომპეტენტურობის გამო.
გასაუბრებისას კონკრეტულად ჩემთან მიმართებით კომისიის წევრების მხრიდან იგრძნობოდა კონცენტრირება მხოლოდ სუსტ მხარეებზე. ნუთუ ჩემს CV-ში არანაირი პოზიტიური რამ არ დაუნახავთ? მათ არ უკითხავთ ჩემი პედაგოგიური გამოცდილების შესახებ. ძირითადად ეს კომისია მიმართული იყო, რომ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილების ფორმალიზება მოეხდინა.
თუკი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არ სურს სიტუაციის გამოსწორება, მაშინ განათლების სამინისტროს რა ბერკეტები აქვს მდგომარეობის გამოსასწორებლად?
- სხვათა შორის, როდესაც ეს შედეგები ვნახეთ, აკადემიურ საბჭოს საკმაოდ ვრცელი, ფაქტობრივი გარემოებების შემცველი წერილი გავუგზავნეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის სამარცხვინო, გრამატიკულად გაუმართავი შემაჯამებელი ოქმის მიღება მათი მხრიდან დაუშვებელი იქნებოდა და ნუ გახდებოდნენ ამ პროცესის მონაწილეები, არ დაემტკიცებინათ ეს ოქმი. თუმცა არც რექტორის და არც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანი არ გამხდარა ეს დარღვევები და თავისუფლად დაამტკიცეს ეს დოკუმენტი. სამწუხაროა, როდესაც საჯარო მოხელემ, იმ დროისთვის საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ, დღეს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ვერ უზრუნველყო სამართლიანი კონკურსის ჩატარება და ხელი მოაწერა ისეთ სამარცხვინო დოკუმენტს, რომელსაც შემაჯამებელი ოქმი დაარქვეს.
სხვათა შორის, ამ შემაჯამებელი ოქმის ვებგვერდზე ატვირთული ფაილის დასახელებაა „იურიდიული ფაკულტეტის ოქმი“. ეს იმას ნიშნავს, რომ იურიდიული ფაკულტეტიდან ამ კომისიას გადაეგზავნა „დრაფტი“, შესაძლო გამზადებული ტექსტით, რითაც, ფაქტობრივად, მძაფრდება ეჭვი, რომ კომისია დამოუკიდებლად არ მუშაობდა და მასში სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი. როგორ შეიძლება, ეკონომიკის ფაკულტეტზე შექმნან ფაილი და დააწერონ „იურიდიული ფაკულტეტის ოქმი №4“?! ეს საჯაროდ დევს თსუ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
თუკი ფაკულტეტზე გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მათთვის სასურველი კანდიდატურები გაიყვანეს, ეს ხალხი მათ მეგობრულ წრეს განეკუთვნება?
- კონკურსში სასურველი ხალხი გაიყვანეს. ეს მეგობრული წრეა, რომელიც დამტკიცებადი არ არის. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ თვითონ დეკანი, რომელიც, ამავე დროს, არის კონკურსანტი, ქმნის კომისიას. როგორ წარმოგიდგენიათ, კონკურსანტი შექმნიდა კი ისეთ კომისიას, რომელზეც ზეგავლენა მას არ ექნებოდა?
სასამართლოს გარდა, თქვენი მომავლისთვის რა პერსპექტივას ხედავთ?
- ჯერ მივმართავთ სასამართლოს, რადგან ეს კონკურსი იყო ნონსენსი. ჩვენ, ასევე, მივმართეთ განათლების სამინიტროს, რომ, მიუხედავად ფორმალური ავტონომიისა, რომლითაც ეს დანაშაულებრივი კონკურსები იმალება, ჩაერიოს ამ საქმეში, მისმა შიდა აუდიტმა შეისწავლოს ეს საკითხი ისე, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა არ შეილახოს. ასევე, რეაგირებისთვის მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს. ჩვენი პერსპექტივა ის არის, რომ ჯერ ეს კონკურსი უნდა გაუქმდეს და ამის შემდეგ შეიქმნას ობიექტურ მაჩვენებლებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საკონკურსო კომისია. უნივერსიტეტში უნდა დაუშვან ახალი თაობა, რაც, ფაქტობრივად, არ ხდება.
ახალმა თაობამ გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა იმუშაოს და მათი თანაარსებობა უნდა მოხდეს. თორემ ძალზე ბუნდოვანია ასეთი კონკურსები. ღიაობა, გამჭვირვალობა და ობიექტურობა აკლია ამ კონკურსებს. თუ ყველაფერს შევაჯამებთ, მყარი საფუძველი გვაქვს, უნდობლობა გამოვუცხადოთ ფაკულტეტზე ჩატარებულ ე.წ. კონკურსს. დარწმუნებული ვარ, რექტორისა და აკადემიური საბჭოსგან განსხვავებით, ჩვენს პოზიციას სასამართლო გაიზიარებს.
ასეთი კონკურსების დროს, ალბათ, მნიშვნელოვანია სტუდენტების განწყობაც, რადგან შერჩეულ ლექტორთა განათლების დონე სწორედ მათზე აისახება.
- ჩვენ მარტონი არ ვართ. ამ საქმეში ჩართულნი არიან სტუდენტებიც. ისინი გვეხმიანებიან, გვეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენთვის? ასევე, საქმეში ჩავრთავთ სახალხო დამცველს, ვეცდებით, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ. ბიზნესის მიმართულებაზე 7 ადამიანი ვართ, ანუ დაახლოებით 30 ვაკანსიიდან 7 ადამიანი ვაცხადებთ, რომ კონკურსის დროს არ არსებობდა ღიაობა. ისიც მესმის, რომ შესაძლოა, ჩვენს მიმართ ზეწოლას მიმართონ, ამისთვისაც ჩვენ მზად ვართ. თანაც, თუკი ჩვენი ქვეყანა შემდგარია, სავარაუდოდ, ადგილობრივი სასამართლო ამ კონკურსს ბათილად ცნობს.
უშუალოდ თქვენ მხოლოდ თსუ-ში მოღვაწეობთ?
- არა, მე ბევრი შემოთავაზება მაქვს და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც“ გახლავართ, მაგრამ თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია თსუ-სთან, საიდანაც ბაკალავრიატიდან დაწყებული, სადოქტორო პროგრამის ჩათვლით, არსად არ წავსულვარ. შემოთავაზება მქონდა, სადოქტორო სწავლება განმეხორციელებინა სხვა კერძო უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემს ღირებულებებს, ფასეულობებს, მისწრაფებებს თსუ ყველაზე უკეთ გამოხატავს. აქ ძალზე ნათელი გონების სტუდენტები მოდიან, მათთან მუშაობა ჩემთვის სასიამოვნოა. შესაბამისად, არ მინდა, რომ მუდმივად მარადმწვანე მოწვეული ლექტორის სტატუსით ვიყო.
ვთვლი, რომ ბევრს ვაკეთებ სტუდენტებისთვის. ამასთან, ვარ პრაქტიკოსიც, ბიზნესშიც ვმუშაობ და, შესაბამისად, ბიზნესისა და მენეჯმენტის სფერო მხოლოდ წიგნების ფურცლებიდან არ მაქვს ნასწავლი. ამ პრაქტიკასაც ვუზიარებ სტუდენტებს, პრაქტიკაზეც წამიყვანია ისინი, როდესაც უნივერსიტეტს არ ჰქონია ამის საშუალება. მათი დასაქმების პერსპექტივაც მქონია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სასაცილოა, უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ფლობენ უცხო ენას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.
მე არ ვიცი, ამ ფონზე როგორ უნდა განხორციელდეს განათლებისა და მეცნიერების დარგში რეფორმა, რომელიც ახლახანს გაცხადდა. ეს განა მარტო ჩვენი პრობლემაა, ეს არის სისტემური პრობლემა, რომლის შეცვლაც არავის სურს. პირობითად ამ პრობლემას თითქოს ყველა აპროტესტებს, მაგრამ, როგორც კი მათი ჯერი დგება, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ ამ სისტემაში თავს. შეიძლება, მანამდე აკრიტიკებენ კიდეც ამ სისტემას, მაგრამ, როცა დრო მოვა, კონკურსის მომენტში ყველაფერი ჩერდება და ვიღაცას ან შემოირიგებენ, ან რაღაცას შეჰპირდებიან. ეს მეთოდი დღემდე ამართლებდა.
უნივერსიტეტის რეიტინგულობიდან და ეროვნულობიდან გამომდინარე, არ მეგონა, ასეთ თემებზე თუ მომიწევდა საუბარი. ეს პირველი შემთხვევა არ არის და მე უკვე მეოთხედ ვრჩები უნივერსიტეტს გარეთ. ასე მოხდა 2012 წელს, 2016-ში, 2017-სა და 2018-ში. თუკი თვლიან, რომ ეს არ არის საჯარო კონკურსი, მაშინ ნუ დაარქმევენ სახელად „საჯარო კონკურსს“, შემოიღონ სხვა მოდელი, მაგრამ ეს უნდა იყოს დასავლური მოდელი.
რატომ ხდება, რომ მედიას ყველაზე მეტი პრობლემის გაშუქება სწორედ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ირგვლივ უწევს? სხვა ფაკულტეტებზე ნაკლები პრობლემებია?
- გუგლში რომ ჩაწეროთ თსუ-ის სკანდალები, ყველა ფაკულტეტზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს ამოაგდებს. უბრალოდ, ჩვენთან პერსონალი გაცილებით მეტია, რადგან ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული ფაკულტეტია ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. იმდენად ოდიოზურია ეს კონკურსები, რომ ზოგიერთ ფაკულტეტზე გარედან მოსულ პერსონალს სურვილიც არ აქვს, საბუთები შეიტანოს, რადგან წინასწარ იცის, რომ მაინც ან ძველ პერსონალს დატოვებენ, ან თავიანთ კანტორაში ისევ თავიანთ ხალხს მიიღებენ.