მიუხედავად საპატიო ასაკისა, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრი რინგო სტარი პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს. მუსიკოსი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა და ბოლო წლებში რამდენიმე მსოფლიო ტურნეც ჩაატარა.
ძირითადი პროფესიის გარდა რინგო საკუთარ შესაძლებლობებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებშიც ცდის. რამდენიმე წლის წინ ის ფერწერით დაინტერესდა და ნამუშევრების დიდი რაოდენობაც დაუგროვდა.
წინა კვირას, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ექს-ბითლზმა საკუთარი პერსონალური გამოფენა გახსნა, სახელწოდებით “The Art Of Ringo Starr”.
დილიდან ვენის ცენტრში, სამხატვრო გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე მსახიობის მრავალმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი. თავად რინგო სტარი გაახალგაზრდავებულად გამოიყურებოდა.
მისი რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა და ახალგამოჩეკილმა მხატვარმა საკუთარ ტილოებს ხელი პირდაპირ დარბაზში მოაწერა.
ადგილობრივ მას-მედიასთან საუბრისას რინგომ განაცხადა, რომ ხატვით წინა საუკუნის 90-იან წლებში დაინტერესდა. ამ საქმიანობით ძირითად საგასტროლო მოგზაურობების დროს იყო დაკავებული. თავდაპირველად კომპიუტერის საშუალებით ხატავდა, შემდეგ კი ხელში ფუნჯი აიღო.
იმ დროს როდესაც რინგო სტარი ქალაქ ვენაში პირველ გამოფენას აწყობდა, მისმა მეგობარმა და კოლეგამ, სერ პოლ მაკარტნიმ მომავალი საქორწინო ცერემონიალის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მიმდინარე წლის სექტემბერში, პოლ მაკარტნი და მისი შეყვარებული ნენსი შეკელი თავიანთ ურთიერთობას ოფიციალურად დააკანონებენ.
პოლისა და ნენსის საქორწინო ცერემონიალი ლონდონში გაიმართება, რომელსაც მხოლოდ დასაოჯახებელი წყვილის ახლობელთა ვიწრო წრე დაესწრება. ამის შემდეგ “ახალგაზრდები” ნიუ-იორკში გადაფრინდებიან და მეგობრებისათვის საზეიმო საღამოს მოაწყობენ.
69 წლის პოლ მაკარტნისათვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა, დედოფალი გათხოვილი ერთხელ იყო.