პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს არადამაჯერებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ოქუაშვილს პასუხი არ გაუცია ერთ მნიშVნელოვან კითხვაზე - უნდა დაფაროს თუ არა მან ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება იმის მიუხედავად, დადასტურდება თუ გაქარწყლდება მისი ბრალდებები.
„გაუჭირდა და არ გადაიხადა გადასახადი. ბიზნესმები, რომელიც ვალდებულებებს პასუხისმგებლობით არ ეკიდება, ადამიანს დადებითად არ განაწყობს. ასეთი ბიზნესმენი არ ტოვებს იმ გრძნობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი მასალას ვენდოთ.
„შემდეგ, ოქუაშვილმა პოლიტიკური ელემენტებიც შემოიტანა - რომ ვაშაძეს უჭერს მხარს და ა.შ. იბრძვის ყველანაირად იმისთვის, რომ თუ სახელმწიფო მოსთხოვს გადასახადის გადახდას, იტყვის, რომ ავიწროვებენ, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერს. იგი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„ოპოზიციამ აიტაცა მისი ჩანაწერები და ოპოზიციის გამო არის ლაპარაკი იმაზე, რომ „საშინელი ქვეყანა გვაქვს“. ანალოგიურს გაიძახის ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უმეტესწილად ეხმიანებიან ხოლმე ოპოზიციას და აკეთებენ შესაბამის პოლიტიკურ განცხადებებს. ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს პოლიტიკური ბრძოლა.
„ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას და ართულებს იმის შანსს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. რომც დადგინდეს ამ ყველაფრის ჭეშმარიტება, ოქუაშვილმა არ უნდა გადაიხადოს გადასახადი? ამ შეკითხვაზე მაინტერესებს მისი პასუხი. ამ კითხვას კი არ სვამს და არ პასუხობს. ასეთი ადამიანი არ მგონია სანდოდ გამოიყურებოდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ საყვარელიძემ.