პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მექრთამე ადამიანები მაშინ მოხვდნენ, როდესაც მან ერთგვარი ფილტრი მოხსნა. ხუხაშვილის აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ამ ადამიანებთან ერთად ჩაიძიროს, უნდა შექმნას ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით იქნება დაკომპლექტებული და არსებულ სისტემას ბრძოლა უნდა გამოუცხადოს.
„ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს შანსი, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, ახლა წააცალოს. ეს არის მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტატუსის გადარჩენის ერთდერთი საშუალება. იმის ილუზია, რომ ის ახლა ამ სისტემას ისევ აიკიდებს და ზიდავს, არ უნდა ჰქონდეს. მან ხელები უნდა შეახოცოს ამ ხალხს, მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობებიც არ უნდა იყოს - ეს აღარ არის თამაში. ამას აღარავინ მოითმენს. ან თვითონ რჩება ნაპირზე და ეს ხალხი იძირება, ან ყველა ერთად იძირებიან. დღეს სასწრაფოდ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ანტიკორუფციული ბიურო და ნაჯახით არის გასავლელი სისტემაზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა "360 გრადუსში".