“ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო საექსპერტო ბიუროს დასკვნით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები მონტაჟია

“ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო საექსპერტო ბიუროს დასკვნით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები მონტაჟია"

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების, „იბერიასა" და „რუსთავი 2"-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.

მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტოა.

„ერთი კვირის წინ გავმართე ბრიფინგი და განვაცხადე, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა" და „რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მე მივმართე ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო დაწესებულებას. დღეს მივიღე შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ბოლო ნაწილში წერია - „ჩემი გამოცდილებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა საფუძველს ითქვას, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა." - მე ვფიქრობ, რომ ასეთი დასკვნა ქართული სამართალდაცვის სივრცისთვის არის უპრეცედენტო. დასკვნის სანდოობა არის 100%-იანი", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატი „იბერიას" და „რუსთავი 2"-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.