2018 წელს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის დარგში ჯეიმს ალისონმა და ტასუკო ჰონჯომ მიიღო. მეცნიერებს ჯილდოდ 775 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემათ.
ორმა მეცნიერმა ნობელის პრემია კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების აღმოჩენისთვის მიიღო. მათ დაადგინეს, რომ კიბოსთან საბრძოლველად ორგანიზმის იმუნური სისტემის უჯრედების გამოყენებაა შესაძლებელი.
ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა მუდმივად ეძებს და ანადგურებს გადაგვარებულ უჯრედებს, თუმცა კიბოს უჯრედებს აქვთ გარკვეული გზები, რომლითაც ისინი იმუნური სისტემის პასუხს თავიდან ირიდებენ და მრავლდებიან.
ამ აღმოჩენის მეშვეობით მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდები შეიმუშავეს და შექმნეს წამლები, რომლებიც იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების აღმოჩენისა და განადგურების საშუალებას აძლევს.
მიუხედავად ძლიერი გვერდითი ეფექტებისა, ახალი მედიკამენტების ეფექტურობა კიბოს ისეთ ფორმებზეც დადასტურდა, რომლის მკურნალობის მეთოდებიც აქამდე არ არსებობდა.
ჯეიმს ალისონი ტეხასის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის განყოფილების თავჯდომარეა, ტასუკო ჰონჯო კი კიოტოს უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და გენომური მედიცინის პროფესორი.
"ალისონისა და ჰონჯოს აღმოჩენების საშუალებით ბოლო ათწლეულში სიმსივნის მკურნალობის სრულად ახალი მეთოდები მივიღეთ. ათი წლის წინ მეტასტაზური მელანომა ფაქტობრივად უკურნებადი დაავადება იყო. ახლა კი ჩვენ მასთან ბრძოლის საშუალებები გაგვაჩნია, რამაც უამრავი პაციენტის მდგომარეობა გააუმჯობესა," - ამბობენ მეცნიერები.