ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ჯგუფი “Queen”-ის წევრი როჯერ ტეილორი უახლოეს დღეებში გამოუშვებს კომპოზიცია “Dear Mr Murdoch”-ის ახალ ქოუვერ ვერსიას. მასში ცნობილი მედიამაგნატი მუქ ტონებში იქნება დახატული.
ამ კომპოზიციის ორიგინალური ვერსია შესულია როჯერ ტეილორის 1994 წელს გამოშვებულ სოლო ალბომში “Happiness?”. მუსიკოსმა მისტერ მერდოკის საქმიანობა მაშინაც მკაცრად გააკრიტიკა.
ტეილორს გადაწყვეტილი აქვს, რომ ახალი ვერსიის ტექსტის კორექტირება მოახდინოს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელიც შეიქმნა გამომცემლობა “News of The World”-ის ირგვლივ.
მერდოკის საგამომცემლო იმპერიაში შესული ეს ორგანიზაცია რამდენიმე ხნის წინ ამხილეს ცნობილი პიროვნებების ტელეფონების უკანონო და ფარულ მოსმენაში.
მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში რუპერტ მერდოკმა ეს დაწესებულება დახურა და რამდენიმე ასეული თანამშრომელი უმუშევრად დატოვა. ამ დღეებში ტაბლოიდის საქმიანობის შესახებ გამოძიება დაიწყო.
როჯერ ტეილორის ახალი ვერსია კომპოზიციისა “Dear Mr Murdoch” დღის სინათლეს მიმდინარე კვირის დასასრულს იხილავს. ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას მისი ხილვის საშუალება ინტერნეტის საშუალებით მიეცემა.