„ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესის დატერორების საქმეში მთავარი მოქმედი პირი ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ჩამოშალა და ქვეყანაში კორუფცია დააბრუნა:
„რაც მე ვიხილე გუშინ ტელევიზიით ჩემთვის არ არის გასაკვირი, ამ კაცმა, ივანიშვილმა, მთელი ფული იშოვა 90-იანებში, სხვა ხალხის ძარცვით და ის დაკავდა ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით. მან გაგქურრდათ ელექტროენერგიის აწეული ტარიფებით, იმიტომ რომ მის ბიტკოინების ფაბრიკას ემუშავა. მან მოიპარა სიგარეტის თითოეული კოლოფიდან 2,5 თეთრი, მან გაგქურდათ საბანკო კრედიტების მეშვეობით იმიტომ რომ თვითონაა მთავარი მევახშე საქართველოში, მან შეავიწროვა პატარა ბიზნესები, იმიტომ რომ თვითონ არის მონოპოლისტი უკლებლივ ყველა სფეროში, მან გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი და საქართველოს მილიარდიანი რკინიგზა აქცია წამგებიანად, ერთი სიტყვით სადაც გაიხედავ ყველგან გვაქვს კატასტროფა. მარტო ომეგა? ის რაც ვიხილე იუსტიციის სახლებში, ეს რიგები... იუსტიციის სახლები ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია იქ რიგი იყოს, როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, ამ საათივით აწყობილი სისტემის ასე განადგურება. ჩვენმა სიმწირით შექმნილმა სახელმწიფო აპარატმა გაძლო რამდენიმე წელი და ჩამოიშალა. კორუფცია დაბრუნდა უკან უკლებლივ ყველა რგოლში. მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელიც იძახის რომ სააკაშვილის დროსაც იყო, რანაირად ხალხო, მართლა სკლეროზი ხომ არა გჭირთ? მე არაფერი არ მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა ბოლოს და ბოლოს. ჩემ დროს ეკონომიკა 4 -ჯერ გაიზარდა, ამის დროს არ იზრდება. ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა , ამის დროს 2-ჯერ გაიზარდა, რანაირადაა ერთი და იგივე? ეს იმხელა განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, როგორც ცა და დედამიწა, როგორც შავი და თეთრი. ამიტომ 28-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები, შემდე3გ უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული ძალების დაფუძნებული ახალი მთავრობა და შემდეგ ამ მთავრობამ უნდა გამოიყვანოს საქართველო ჭაობიდან და საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს შვება და ეს ასეც იქნება.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.