ბათუმში პოლიციის მაღალჩინოსანი

ბათუმში პოლიციის მაღალჩინოსანი "ფეისბუქის" პოსტის გამო გაათავისუფლეს

კობა მანველიძე ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან სავარაუდოდ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლეს.

მანველიძე ორი თვის განმავლობაში დისციპლინური წესით იყო დასჯილი. ის უწყებიდან დაითხოვეს, თუმცა, მას ბრძანება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააცნეს, ამ ხნის განმავლობაში კი ის ჩვეულებრივ მუშაობდა. კობა მანველიძე გენერალურ ინსპექციას და აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის.

„გავაკეთე სტატუსი ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ვადასტურებ, რომ არის ჩემს მიერ შედგენილი და არავის მიერ არ ვარ მართული. გამოვხატავდი აზრს, რომ პოლიციელი უნდა ყოფილიყო მიდრეკილი წარმატებისკენ და არ უნდა ყოფილიყო დაშინებული თუნდაც გენინსპექციის მიერ, ვინაიდან მქონდა თმენის ვალდებულება ამას ხმამაღლა ვერ ვამბობდი, მაგრამ ზოგადად პირად საუბრებში გამოვხატავდი ამ აზრს. საქართველოს ჯანსაღ მოსახლეობას არ სჭირდება დაშინებული პოლიცია," - აცხადებს მანველიძე.