საქართველოში ნებისმიერი სამსახური შესაძლოა საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადების ავტორი მაკა მინდიაშვილი შრომის კოდექსში ჩასწორებებს ითხოვს.
იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს, ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს და მზარდი შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით გაიცეს, ღამის ცვლაში კი, 22.00 საათის შემდეგ ანაზღაურება გაორმაგდეს. გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას გააკონტროლებს. ამასთან, დამსაქმებელს დაეკისროს ჯანმრთელობის სრული სადაზღვევო ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1-წლიანი კონტრაქტით არის მიღებული.
საათობრივი ანაზღაურება ყველაზე მაღალია დანიაში, რაც დაახლოებით 41,3 ევროს შეადგენს, შემდეგ მოდის ბელგია (39,1 ევრო), შვედეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, სადაც საათობრივი ანაზღაურება 35, 1 ევროა.
საქართველოში არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენს იღებს საათობრივად დასაქმებული პირი. ქართველი სპეციალიტების დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში საათობრივი ხელფასი, საშუალო მაჩვენებლით, 2,2 დოლარის ფარგლებშია, მინიმალურად კი დაახლოებით 0,45 ცენტია.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მორიგი სისულელეა, რადგან ამით ხაზი ესმება იმას, რომ ვიღაცას მიაჩნია, თითქოს სახელმწიფო ბიუროკრატია საჭირო საერთოდ არ არის.
„ადამიანს რომ საათობრივ ანაზღაურებაზე დასვამ, თავის გარანტირებულ ხელფასზე, კარიერულ წინსვლაზე, სამომავლო წარმატებაზე ფიქრი რომ არ ექნება, ეს ნიშნავს, რომ ასეთი სახელმწიფო სამსახურები ნომინალური გახდება. როგორც დღეს არავინ არაფერს ეკითხება სამინისტროებს, ასევე იქნება მომავალშიც. ვიღაც გადაწყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს მათ მაგივრად. ვინც ეს იდეა წამოისროლა, სახელმწიფო მართვის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, რადგან რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფს დამხმარედ არავინ დასჭირდება, თვითონვე გადაწყვეტს ყველაფერს, საათობრივად მოსული კაცი კი იმას გააკეთებს, რასაც დაავალებენ. იმის წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა მოხდება ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. არ ვიცი, რამდენი იქნება საათობრივი ანაზღაურება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი წინადადება მიიღონ. ეს სახელმწიფო მმართველობას საერთოდ მოშლის და დაანგრევს“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.