ჯგუფი “Coldplay”-ის გეგმები

ჯგუფი “Coldplay”-ის გეგმები

ორი დღის წინ ბრიტანულმა გაზეთმა “The Sun”-მა ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცნობილი ჯგუფი “Coldplay”-ის ახალი სტუდიური ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს იხილავს.

 

თავად მუსიკოსები გაზეთის მიერ გავრცელებულ ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებენ. ამის მიუხედავად, ბოლო ორი თვის განმავლობაში საკუთარ კონცერტებზე ჯგუფმა ექვსი ახალი კომპოზიცია წარმოადგინა.

 

“The Sun”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაყიდვაში გამოვა ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილი წევრი ნოელ გალახერის ახალი ალბომიც. გამოცემის აზრით, გალახერისა და “Coldplay”-ის ახალი სტუდიური ჩანაწერები დიდ ბრიტანეთში ერთმანეთს მზარდ კონკურენციას გაუწევენ. ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მომღერალ ადელს ადგილობრივ ჰიტ-პარადებში პოზიციების დათმობა მოუწევს.

 

ჯგუფი “Coldplay” 1996 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბას-გიტარისტი გაი ბერიმენი და მედოლე უილ ჩემპიონი.

 

პოპულარობას 2000 წელს მიაღწიეს, როდესაც ჩაწერეს სინგლი “Yellow”. ეს კომპოზიცია შევიდა ალბომში “Parachutes”.

 

მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდში ჯგუფს 50 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

 

“Coldplay”-ის ბოლო სტუდიურმა ნამუშევარმა, ალბომმა “Viva La Vida or Death and All His Friends” დღის სინათლე 2008 წელს იხილა.