უცხოელი ტურისტი: ბათუმის ავტოსადგური ქვეყნის სირცხვილია

უცხოელი ტურისტი: ბათუმის ავტოსადგური ქვეყნის სირცხვილია

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი. რეგიონის მთავარი ტურუსტული ცენტრი ბათუმია, ქალაქი სადაც ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თავად ბათუმის ერთ-ერთი  სავიზიტო ბარათი კი საქალაქთაშორისო ავტოსადგურია. ადგილი, სადაც ვიზიტორების დიდი რაოდენობა იყრის თავს და რომელიც იმდენად საშინელ მდგომარეობაშია, რომ აღშფოთებას უცხოელი ტურისტებიც ვერ მალავენ.

„კომერსანტს“ დაუკავშირდა ტურისტი, რომელმაც  ამბობს, რომ ქალაქის ავტოსადგურში საშინელი ანტისანიტარიაა. მისი თქმით, ტურისტულ ქალაქში ასეთი სიტუაცია ქვეყნის სირცხვილია.

„შენობა ლამისაა დაინგრეს, ყველგან ტუალეტის სუნი დგას, კედლები ნესტიანი, არ არის მოსაცდელი ადგილები. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, რატომ არ აკეთებს არაფერს მთავრობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად? ეს არის განუვითარებელი ქვეყნების სტანდარტი“,- გვწერს ტურისტი.

როგორც კომერსანტმა გაარკვია საქალაქთაშორისო ავტოსადგურის 31 პროცენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ეკუთვნის. უწყებაში ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის ეფექტურად განვითარება, თუმცა პასუხისმგებლობას აშკარა გაურბიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს ჰქონდეთ მეტი კომფორტი აღნიშნულ ტერიტორიაზე და მოძრაობა იყოს უფრო მეტად მოწესრიგებული. იმ შემთხვევაში თუ იქნება რაიმე სახის პროექტი იგივე მერიისგან, ან აქციების უმეტესი წილის მფლობელებისგან, ჩვენ ყველა საინტერესო შემოთავაზებაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ ჩვენი 30 პროცენტი წილის ნაწილში გადაწყვეტილებას“,- აცხადებენ სამინისტროში.

ბათუმის საქალაქთაშორისო ავტოსადგურის დირექტორი ზაურ სოლომონიძე კი ჩვეენთან საუბარში ამბობს, რომ ინვესტორის მოძიებაზე ამ დრომდე მუშაობენ თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ავტოსადგურში   წილი აქვს, ინვესტორები თანხის ჩადებაზე უარს ამბობენ.

„არ არსებობს სხვა ადამიანი, ვისაც ჩემზე მეტად უნდა ამ საკითხის მოგვარება. ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, ბათუმის მერია ყველა ღონეს ვხმარობთ მაგრამ 5 წელია ინვესტორი ვერ ვიპოვეთ. ინვესტორმა ავტოსადგურში თანხა რომ ჩადოს, ავტოსადგურის ღირებულება გაიზრდება, გაიზრდება როგორც მისი 69 პროცენტის ღირებულება ასევე სახელმწიფოს 31 %  წილის ღირებულებაც. ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს თანხა არ ჩაუდია.  გამოდის, რომ ინვესტორი ფულს ჩუქნის სახელმწიფოს. ბიზნესმენი რა ვალდებულია თავის თანხის ნაწილი სახელმწიფოს აჩუქოს“, - აცხადებს ზაურ სოლომონიძე.

ზაურ სოლომონიძე „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, სახელმწიფო წილის გაყიდვაა.

ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოს 31 პროცენტი გაიყიდოს, რომ ავტოსადგურს ჰყავდეს თავისი მეპატრონე. სულ ერთია ვინ იყიდის. მთავარია, მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც განავითარებს ავტოსადგურს და მეც გავყიდი იმ 69 პროცენტს. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ განვავითარო. სხვა გამოსავალი აქ არ არის“,- განაცხადა ზაურ სოლომონიძემ.

ერთი სიტყვით, ბათუმის ავტოსადგურის მოვლა-პატრონობის შესაძლებლობა და სურვილი არც სახელმწიფოს აქვს და არც კერძო მფლობელს. გამოსავალი ახლო პერსპექტივაში არ ჩანს. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ტურიზმის განვითრება პრიორიტეტია, ბათუმის დანგრეული და ბინძური ავტოსადგური ვიზიტორებს დიდხანს გაჰყვებათ არასასიამოვნო მოგონებად.