„რუსთავი 2“ მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მარეგულირებელი კომისია საკუთარ უფლებამოსილებას სცდება. ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი2" შეასრულებს კანონის მოთხოვნებს და არ დაემორჩილება მიკერძოებულ ინსტრუქციას.
„კლიპებს არ ამოვიღებთ იმდენად, რამდენადაც მარეგულირებელი კომისია სცდება საკუთარ უფლებამოსილებას, აბსოლუტურად ღიად და გასაგებად, ჩვენ შევასრულებთ კანონის მოთხოვნებს და არა ვიღაცის მიკერძოებულ ინსტრუქციას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის და მის გაერთიანებაში შემავალი პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ მომზადებულ რამდენიმე ვიდეორგოლს. ფიქტიური კანდიდატების სახელით მომზადებულ წინასაარჩევნო კლიპებში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფა ისმის.