კობახიძის სტილია კლასიკური უტიფრობა... ჯობია თავის სამეგობროს გადახედოს...

კობახიძის სტილია კლასიკური უტიფრობა... ჯობია თავის სამეგობროს გადახედოს...

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, პოლიტოლოგი გია ხუხაშილი გამოეხმაურა. ხუხაშვილი ურჩევს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს საკუთარ თანაგუნდელებს, რომლებიც იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებდნენ.

ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2011 წლამდე, როცა ქვეყანაში ყველაზე მძიმე მოვლენები ვითარდებოდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იბრძოდა ირინა ენუქიძე და შემდგომ სალომე ზურაბიშვილი, მაშინ გიორგი მარგველაშვილი აბსოლუტურად ჩუმად იყო.

„ალბათ იმ ბუჩქებიდან, რომელშიც თვითონ იმალებოდა, ცუდად ჩანდა მარგველაშვილი რას აკეთებდა იმ პერიოდში. ის იყო საკმარისზე მეტად კრიტიკული და ამის გამო მას ჰქონდა ბევრი პრობლემა. მისთვის ჩვეული კომკავშირული სტილია, კლასიკური უტიფრობა, როდესაც შეუძლია ნებისმიერი ტყუილი, ნებისმიერი სისულელე თქვას და იმედი აქვს, რომ ვიღაცას მაინც აჭმევს ამ ყველაფერს, აი ეს არის კობახიძის ქცევის სტილი. კობახიძემ ჯობია თავის სამეგობროს გადახედოს, ისინი სად იყვნენ იმ პერიოდში, მდინარაძე, ზარდიაშვილი და სხვები, ისინი წინა ხაზზე იყვნენ სააკაშვილის განუკითხაობაში",-განაცხადა ხუხაშვილმა.