"როცა კანონის უზენაესობა არ არის და გინდა შენი ამბიცია მოარგო კანონს, ეს არის ფარისევლობა"

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ფარისევლობა არის დღევანდელი ტერმინით მიკერძოებული და შერჩევითი სამართალი, როცა კანონის უზენაესობა არ არსებობს და ამბიციების მორგების მცდელობას აქვს ადგილი კანონზე. მეუფე პეტრე საზოგადოებას სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ მოუწოდებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა რუსეთზე საუბრისას აღნიშნა, რომ არ არის მართლმადიდებლობა ის, რასაც ჩვენი მეზობელი ერთმორწმუნე ერი საქმით გვაჩვენებს და ეს არის მხოლოდ მტრობა და ფარისევლობა

"დღემდე ჩვენ ვერ გამოვედით სწორ, სახელმწიფოებრივ საღვთო გზაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ მოგვიახლოვდა, მოუახლოვდა ჩვენს ერს. არ არის მართლმადიდებლობა არავითარ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენი მეზობელი ერთმორწმუნე ქვეყნები საქმით გვაჩვენებენ. ეს არის მხოლოდ მტრობა, ფარისევლობა.

ისევე როგორც, ყველაზე დიდი მტერი, თავის დროზე როცა მაცხოვარი განკაცდა და დაიწყო ჭეშმარიტებისო ქადაგება მაცხოვრისათვის ყველაზე დიდ წინააღმდეგობაში, ყველაზე დიდი მტრობა გაუწიეს ფარისევლებმა, მწიგნობრებმა. ფარისევლობა არის დღევანდელი ტერმინით, რომ ვთქვათ, შერჩევითი სამართალი როცა ხდება, მიკერძოებული სამართალი როცა ხდება, როცა კანონის უზენაესობა არ არის და გინდა შენი ამბიცია მოარგო კანონს ეს არის ფარისევლობა.

ჯანსაღ ეკლესიაზე, განწმენდილ ეკლესიაზე უნდა დაფუძნებულიყო და აშენებულიყო სახელმწიფოებრიობა. შეუძლებელია სხვა ალტერნატიული გზა არსებობდეს თუნდაც დღეს ასევე მძიმე მდგომაროებაში მყოფი საქართველოს წინაშე"- ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.