„არ გრცხვენიათ, გოჭებო?!“ - როსტომ ჩხეიძე

„არ გრცხვენიათ, გოჭებო?!“ - როსტომ ჩხეიძე

მწერალი როსტომ ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

„არ გრცხვენიათ, გოჭებო?!.

ასე როგორ გაერთფეროვანდნენ, ასე როგორ წაეშალათ ინდივიდუალობის ნიშანწყალი და ერთმანეთს დაემსგავსნენ და ვეღარ გაგირკვევია: „ოცნების“ პარტიის წევრები არიან, სამთავრობო ჩინოვნიკები, დეპუტატები, პრაკურორები თუ მოსამართლეები - ყველა ერთ ჰანგს იმეორებს, ყველა ერთ ნაკარნახევს ამოაბუყბუყებს.

ზოგი რეკეტიორთა ბანდის უშუალო წევრი ან მათთან დაახლოებული პირი შეიძლება იყოს, ზოგიც - მათ დანაშაულებრივ ქმედებათა გამამართლებელი. ორმაგი სტანდარტითა და გაორებული მორალით აღჭურვილნი მისევიან ქვეყნის ბიუჯეტსაც და ყოველი მოქალაქის, განსაკუთრებით ბიზნესმენების, ჯიბეებსაც, რათა დროზე მოასწრონ ამოხაპვა ამოსახაპისა და უკანმოუხედავად მოქუსლვა ღრმადპატივცემული კვირიკაშვილივით.

ყოველგვარი ოცნება თვითონვე აქციეს სალანძღავად და საქილიკოდ, და მათ შემხედვარეს ძალაუნებურად გაგონდება ნოდარ დუმბაძის სტრიქონები საყმაწვილო ლექსიდან, საყმაწვილო სენივით მოსახდელ ამ პარტიასა და მთავრობას რომ მიესადაგება:

არ გრცხვენიათ, გოჭებო, ღორებივით იქცევით?!“ - წერს როსტომ ჩხეიძე „ფეისბუქზე“.