ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიერ არის დადასტურებული, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიერ არის დადასტურებული, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ წევრები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

„ხელთ მაქვს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებული დოკუმენტი –  რეზოლუცია N1633, რომელსაც ხელს აწერენ გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე, ლევან ბერძენიშვილი. დოკუმენტის მეხუთე მუხლში ვკითხულობთ: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც ხელს აწერს ბოკერია და რომელიც ადასტურებს იმას, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტო მეოთხე, მეექვსე მუხლიც არის, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია. საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში მონაწილეობდა ყველა ქვეყანა სტრასბურგშიც, ჰააგაშიც, ნიუ იორკშიც, ჟენევაშიც და თბილისშიც.

დიდი სიცრუეა, რომლის მონაწილეც ყველანი ხართ – სალომე ზურაბიშვილმა თურმე, რაღაც ისეთი თქვა, რომელიც ავნებს საქართველოს და ვითომ ჟურნალისტები კითხვებს მისვამდნენ რამდენიმე დღის წინ ეთერში, რომ არაღიარების პოლიტიკას ხელს შეუშლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა რაღაც ქართულ ენაზე თქვა. ჯერ ერთი, არაფერი ისეთი არ უთქვამს. რაც აქ წერია, ის თქვა. თქვა, რომ ეს ყველამ იცის, მთელმა მსოფლიომ. სირაქლემის პოზაში რომ ვართ ყველა აყოლილები ამ ბანდიტებს, რატომ არიან ისინი რუსული პოლიტიკის გამტარებლები და ვინ არის მოღალატე საქართველოში, ამას ახლავე გეტყვით, მაგრამ ეს არის მთავარი. ეს არის ტალიავინის დასკვნაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა იმაზე ნაკლები თქვა, რაც ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტში წერია.

„სახელმწიფო მინისტრი ვიყავი ორი წელი და რვა თვე. ცუდად რომ გავიცინებდი, იმასაც კი აფიქსირებდნენ ევროდამკვირვებლები, რომლებიც მაშინ რეგიონში იყვნენ და რომლებიც სააკაშვილის ნამოქმედარის გამო გამოყარეს იქიდან. მაშინ, მთელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სადამკვირვებლო მისია და უფლება ჰქონდათ, ყველაფერი დაეწერათ და ყველაფერს გადასცემდნენ თავის შტაბბინას. ეს შტაბბინაა ზუსტად, რომელიც შემდეგ ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ვენაშიც და ყველგან საბუთებს დებდა. იქ წერია, რა მოხდა სინამდვილეში. სალომემ, მე და ჟიჟილაშვილმა რა ვილაპარაკეთ, ის კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ოფიციალური დოკუმენტები და აი, ერთ-ერთი საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ოფიციალური, დადასტურებული „ნაციონალური მოძრაობის“, ბოკერიას მიერ, რომ ეს ასე იყო. ეს თქვა სალომემ და მაგაზე ბევრად ნაკლები თქვა, ვიდრე აქ წერია, ნაკლები თქვა, ბევრად უფრო ნაკლები თქვა, ვიდრე წერია ტალიავინის კომისიაში, ვიდრე წერია სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში, რომელიც ყოველ საათში იგზავნებოდა იქ – ვინ ისროლა, რამდენი ტყვია გავარდა, საიდან გავარდა და ასე შემდეგ.

ამიტომ, ამ სიცრუეში ნუ მონაწილეობთ, სირცხვილია, შვილები გყავთ და პასუხისმგებლობა გაქვთ ამ ერისა და ხალხის წინაშე, ნუ შეგყავთ მედიას შეცდომაში ქართული საზოგადოება და იმ ტელევიზიების სამარცხვინოდ მინდა ვთქვა, სალომე მოღალატეას რომ წერთ, არ გრცხვენიათ?!

ახლა გეტყვით, ვინ არის მოღალატე და როგორ არის მოღალატე. დამისახელეთ რომელიმე თქვენგანმა ერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, ვისაც აინტერესებს დესტაბილიზაცია საქართველოში და მერე გეკითხებით, დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელსაც დესტაბილიზაცია აინტერესებს უკრაინაში, რუსეთის გარდა. არის ეგეთი ქვეყანა მეორე? არ არის. მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და მეტი არაფრისთვის. სხვა არანაირი ფუნქცია სააკაშვილს დღეს არ გააჩნია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მედიამ მასალების მომზადებისას მეტად ღრმად უნდა ჩაიხედოს მაშინდელ მოვლენებში.

„ეს არის სიცრუე და ცილისწამება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ლაპარაკობს სალომე, გოგა, პეტრე. რადგან, ეს არის დადასტურებული დოკუმენტებით, იმდროინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ – ეს 2008 წლის 2 ოქტომბერს ხდება. მაშინდელი მთავრობის მიერ არის დადასტურებული, რომ ჩვენ გავხსენით ცეცხლი 2008 წლის გამთენიას ცხინვალის მიმართულებით, კადრები არსებობს. როგორ ფიქრობთ, ეს 10 წელიწადი რუსები ელოდებოდნენ, სალომე როდის იტყოდა და ამის იმედზე იყვნენ ჰააგაში, სტრასბურგში, ნიუ იორკში და სხვაგან? სალომეს ორი კვირის წინ ნათქვამ სიტყვას ელოდებოდნენ? გონება ხომ უნდა გქონდეთ? პატარაზე ხომ უნდა გავანძრიოთ ეს ტვინი, რომელიც სალომემ გითხრათ. პრესამ ტვინი უნდა გაანძრიოს და ჩაიხედოს სიღრმეში და არა ზედაპირზე, რას ლაპარაკობენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ცეკვა-თამაშს სთავაზობდა 12 აგვისტოს რუსებს. რას ლაპარაკობენ კი არა, რა აქვთ ჩადენილი, რა გააკეთეს. ოსური მოსახლეობა გაიყვანეს ცხინვალიდან ჩვენს თვალწინ, ყველანი უყურებდით – მასობრივად, ორი სამი დღის განმავლობაში გაჰყავდათ, ქართული მოსახლეობა დატოვეს ცხინვალში და მერე ცეცხლი გაუხსნეს.

და თქვენ ლაპარაკობთ ამის მერე, რომ სალომემ შეიძლება რამე ავნოს საქართველოს ინტერესებს?“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია ფაშისტურს გავს.

„რასაც ვუყურებთ, კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს, ძალიან ჰგავს მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1933 წელს გერმანიაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში ნაცისტები მოვიდნენ, როდესაც დაიწყო დევნა, ცილისწამება იმ ადამიანების, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მათ მოსაზრებებს. ეს არის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სათავეში უდგანან რუსული ძალები“, – აცხადებს ხაინდრავა.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის N1633-ე რეზოლუციის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – assembly.coe.int, ხოლო ქართული თარგმანი ბმულზე abkhaziajustice.gov.ge.