მსახიობი აიკ მარუთიანი ერევნის მერი ხდება

მსახიობი აიკ მარუთიანი ერევნის მერი ხდება

ერევნის საკრებულოს ვადამდელ არჩევნებში ხმების 81%-ით გაიმარჯვა ბლოკმა, „ჩემი ნაბიჯი," რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერით სარგებლობს.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი" ხმების 6,95%-ით და მესამე ადგილზეა ბლოკი „ლუისი," რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 4,99%-მა. საპარლამენტო პარტიას „დაშნაკცუტუნს" ხმა მისცა 1,62%-მა. არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა 1%-ზე ნაკლები მიიღეს. მუნიციპალურ არჩევნებში პარტიებისთვის ბარიერი 6%-ია, ხოლო ბლოკებისთვის 8%. ამასთან, თუ ბარიერს გადალახავს სამზე ნაკლები პარტია, ან ბლოკი, საკრებულოს 65 მანდატის განაწილებაში მონაწილეობს სამი პოლიტიკური ძალა, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. შესაბამისად, ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის" და პარტიის „აყვავებული სომხეთის" გარდა, მანდატებს მიიღებს ბლოკი „ლუისი." ამასთან, იმის გამო, რომ ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი" მიიღო ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი, ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მსახიობი და პროდიუსერი აიკ მარუთიანი ავტომატურად ხდება ერევნის მერი.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად ნიუ-იორკში მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ამაყობს ძლევამოსილი ხალხით, მის წინაშე ქედს იხრის და მას ემსახურება. ერევანში ვადამდელი მუნიციპალური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ივლისში მერის პოსტიდან გადადგა ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის „რესპუბლიკური პარტიის" წევრი ტარონ მარქარიანი.