1991 წელს, პატარა ესპანური ქალაქის, პონტევედრას მერმა მიგელ ფერნანდეს ლორესმა გადაწყვიტა, მანქანით გადაადგილება აეკრძალა და ქვეითად მოსიარულეებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა. მას შემდეგ საცობები 90%-ით შემცირდა და ჰაერის დაბინძურების დონე განახევრდა.
“მოუსმინეთ, ქუჩიდან ადამიანების ხმა ისმის. სანამ მერი გავხდებოდი, ყოველდღიურად ქალაქში 14 ათასი მანქანა გაადგილდებოდა - უფრო მეტი, ვიდრე იქ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა იყო.” - მიგელ ფერნანდეს ლორესი, გალისიანას მერი 1999 წლიდან, The Guardian-თან საუბრისას თავის ფილოსოფიას ასე ხსნის - “მანქანის ფლობა არ გაძლევს უფლებას, რომ საჯარო სივრცე დაიკავო”.
ლორესი ოპოზიციაში 12 წლის განმავლობაში იყო. მერად არჩევის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში შუა საუკუნოვანი ქალაქის 300 ათასი კვ.მ მხოლოდ ფეხით სასიარულოდ გადააკეთეს. თანდათანობით ქალაქში მეტი პარკი აშენდა. მანქანით მოძრაობა დასაშვები გახდა მხოლოდ მაღაზიებისა და რესტორნების მოსამარაგებლად, აქაც მანქანის სიჩქარე 20 კმ/სთ-მდე შეიზღუდა. გარდა ამისა, ქალაქგარეთ შეიქმნა 4 დიდი საპარკინგე სივრცე, რათა ადამიანები არ ყოფილიყვნენ შეზღუდული სხვა ქალაქებში გადასაადგილებლად.
“ქალაქის ისტორიული ნაწილი მკვდარი იყო: ბევრი ნარკოტიკით, სავსე მაქანებითა და დაბინძურებული ჰაერით - ეს იყო სტაგნაცია. ადამიანების უმეტესობას, ვისაც ამის შანსი ჰქონდა, ტოვებდა ქალაქს. თავიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ გაგვეუმჯობესებინა სატრანსპორტო მდგომარეობა. ამის მაგივრად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საჯარო სივრცე მოსახლეობისთვის დაგვებრუნებინა, რისთვისაც საჭირო გახდა მანქანებისგან გათავისუფლება. “ - ამბობს მიგელ ფერნანდეს ლორესი.
ცნობისთვის, 1996-2006 წლებში პონტევედრას ქუჩებში 30 ადამიანი დაიღუპა სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, შემდგომი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3, 2009 წლიდან კი, არც ერთი. CO2 გამოყოფა შემცირებულია 70%-ით. ადამიანები, ძირითადად, ველოსიპედებითა და ფეხით გადაადგილდებიან.
პონტევედრას ტრანსფორმაციის შემდეგ, ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა 12 ათასით გაიზარდა.
“მე ვცხოვრობდი მადრიდსა და ბევრ სხვა ქალაქში და ჩემთვის პონტევედრა არის ნამდვილი სამოთხე. წვიმის დროსაც კი, ყველგან ფეხით დავდივარ. ეს არაჩვეულებრივი ადგილია ბავშვებისთვის.” - თქვა ქალაქის მცხოვრებმა, რაკელ გარსიამ.