კარლოს სანტანა ტეკილას წარმოებით დაინტერესდა

კარლოს სანტანა ტეკილას წარმოებით დაინტერესდა

ამერიკული მუსიკალური ინტერნეტ-საიტი “Music-News”-ის ცნობით, ცნობილი გიტარისტი კარლოს სანტანა ტეკილას წარმოებით დაინტერესდა.

 

ცოტა ხნის წინ სანტანამ კომპანია “Casa Noble Tequila”-ს აქციები შეიძინა. ამის გარდა, მუსიკოსი ამ ფირმის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაშიც შევიდა.

 

“ამ კომპანიის მეპატრონეებს ჩინებულად ვიცნობ. ისინი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ტეკილას აწარმოებენ. ენთუზიაზმი, საქმისადმი ერთგულება და პატიოსნება ბიზნესში – ეს არის ამ ფირმის დამახასიათებელი ნიშანი. ტეკილა ძალიან მიყვარს და გადავწყვიტე ჩემი თანხის ნაწილი ამ კომპანიის გაფართოების საქმეში ჩავდო” – განაცხადა კარლოს სანტანამ.

 

კარლოს სანტანა 1947 წლის 20 ივლისს, მექსიკის ხალისკოს შტატის პატარა ქალაქ აუტლან-დე-ნავაროში დაიბადა.

 

პირველი ჯგუფი “Blues Band” 1966 წელს ჩამოაყალიბა. 1968 წელს ჯგუფს სახელად “Santana” დაერქვა.

 

პირველი სტუდიური ჩანაწერები მუსიკოსებმა 1969 წელს გამოუშვეს. თავდაპირველად ეს იყო ალბომი “The Cive Adventures Of Al Kooper And Michael Bloomfield”. ამ ნაშრომს იმავე წელს მოჰყვა ალბომი “Santana”.

 

კარლოს სანტანამ მსოფლიო პოპულარობა 1969 წლის ვუდსტოკის მუსიკალურ ფესტივალზე მოიპოვა, როდესაც მისმა ჯგუფმა გახმაურებული კომპოზიცია “Soul Sacrifice” შეასრულა.

 

დღეისათვის სანტანას ანგარიშზე ორ ათეულზე მეტი სტუდიური ჩანაწერია. მისი უკასნასკნელი ნამუშევარი, ალბომი “Guitar Heaven” 2010 წლის სექტემბრით არის დათარიღებული.