"ტრამპის ადმინისტრაცია პუტინს იმ მიზნის მიღწევაში ეხმარება, რომელიც მას 20 წელია აქვს. ბიზნესმენები რუსეთის სახელმწიფო ბანკს ვალად აღებულ სახსრებს უბრუნებენ", - წერს Bloomberg-ი.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ანტირუსული სანქციების, ასევე რუსეთის მიმართ თეთრი სახლისა და კონგრესის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, აშშ რუსს მეწარმეებს სახელმწიფო ბანკისთვის მათი კაპიტალის ნაწილის დაბრუნებისკენ უბიძგებს. ბიზნესმენები ფულს რუსულ ბანკებში რიცხავენ და ოფშორებში არსებულ საბანკო ბალანსებს ცვლიან.
გამოცემის განცხადებით, ტენდენცია ჯერ კიდევ აპრილიდან არის შესამჩნევი, როდესაც აშშ-ის შეზღუდვები ოლეგ დერიპასკს და მის კომპანია En+ Group-ს, ასევე ვიქტორ ვეკსელბერგს და მის ჯგუფს "Ренова"-ს შეეხო.
"ტრამპის ადმინისტრაცია პუტინს ეხმარება მიზნის მიღწევაში, რომელიც მას 20 წელია აქვს"- კონკრეტულად კი საუბარია კაპიტალის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაზე - წერს Bloomberg-ი.
21 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია შეიყვანა, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის სფეროებთან არიან დაკავშირებულნი.
2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქცია დაუწესეს.