რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ქართულ- თურქულ ფილმზე მუშაობს. ფილმი „ხიდის“ გადაღებები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა უსახსრობის გამო ამ დრომდე მისი გადაღება ვერ ხერხდებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ როლებში ყველასთვის კარგად ნაცნობ მურად ილდირიმს და ნინი ბადურაშვილს ვიხილავდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა რეჟისორის გეგმები შეიცვალა და მურად ილდირიმის ნაცვლად „ხიდში“ სულ სხვა თურქ მსახიობს ვიხილავთ. 2020NEWS ფილმთან დაკავშირებით ნინი ბადურაშვილს ესაუბრა.
-„ხიდი“პირველი ქართულ – თურქული ფილმია, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას. ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია, ზურა ცინცქილაძე, ქეთინო კიკნაძე, კახა მიქიაშვილი.
-შეგიძლია, ფილმის სიუჟეტი გაგვიმხილო?
– სცენარის მიხედვით, ლაზი ბიჭი, საქართველოში საქმიანი ვიზით ჩამოდის და ქართველი გოგონა შეუყვარდება.
-როგორც ვიცი, ფილმის გადაღებები რამდენიმე წელია, მიმდინარეობს…
– ქართველი რეჟისორები ძალიან ბევრს წვალობენ ფილმის გადაღებისას, რადგან ბიუჯეტი როგორც ყოველთვის, ძალიან მცირე აქვთ. მინდა, კულტურის სამინისტრომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციოს. ქართული კინო ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს და თუ დაფინანსება იქნება, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება ეს ტრადიცია. მამას გაუჭირდა იმ სახსრების მოძიება, რაც მურად ილდირიმისთვის უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ამასობაში სხვა თურქი მსახიობი დათანხმდა – ელდერ იზილმეკი, რომელიც სხვათა შორის ძალიან კარგი და სიმპატიური მსახიობია.
-ფილმი კიდევ რითი იქნება გამორჩეული?
– მაყურებელი ფილმში ბევრ კარგ სიმღერას მოისმენს.
– სიმღერებს ფილმში შენ შეასრულებ?
– მარტო მე არა, უკვე გადავიღეთ სოფო ხალვაში და გალა კონცერტი გვაქვს გადასაღები, სადაც ანრი ჯოხაძე იმღერებს. ფილმისთვის მუსიკას დათო ევგენიძე დაწერს.
– გული გწყდება, მურად ილდირიმთნ ერთად რომ ვერ ითამაშებ ფილმში?
– მურად ილდირიმი ბოლომდე თანახმა იყო, ფილმში მონაწილეობაზე, უბრალოდ იმის გამო, რომ სახსრების შეგროვება ვერ მოხერხდა, ვერ ჩამოვიდა საქართველოში. მურადს ვიცნობ, მაგრამ მასთან სცენის თამაში არც მომისინჯავს. ჩემი ახალი პარტნიორით კმაყოფილი ვარ, კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
– ალბათ აგორდება ახლა ჭორები თქვენი სიყვარულის შესახებ…
– ცოლიც ჰყავს, შვილიც და ჭორებზე არც მე მიფიქრია და დარწმუნებული ვარ, არც მას.