დაავადებათა კონტროლის ცენტრი დასავლეთ ნილოსის ვირუსზე ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დასავლეთ ნილოსის ვირუსზე ინფორმაციას ავრცელებს

2018 წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში შეინიშნება დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეულ დაავადებათა მკვეთრი მატება. ეს ძირითადად დაკავშირებულია დაავადების გადაცემის პერიოდის ნაადრევად დაწყებასთან, რომელიც როგორც წესი ივლისი-ოქტომბრის თვეებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ევროპის ქვეყნების დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (ECDC) მონაცემებით, 16 აგვისტოს მდგომარეობით რეგიონში აღრიცხულია დასავლთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული 401 ავტოქრონული შემთხვევა, რომელთაგან გარდაიცვალა 22 (5,48%).  სერბეთში აღირიცხა 126 შემთხვევა, იტალიაში 123, საბერძნეთში 75, უნგრეთში 39 და რუმინეთში 31. ამ ქვეყნებში დაავადების შემთხვევები გასულ წლებშიც იყო აღრიცხული.

ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა - აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე ხდება. ზოგიერთ პაციენტს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის, კუნთების, სახსრების, ზურგის მიდამოს ტკივილი. დიაგნოსტიკა გართულებულია. ხშირად შეიმჩნევა პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით ვითარდება მენინგიტის ნიშნებიც. დასავლეთ ნილოსის ცხელების  დროს ლეტალობა 4-5%-ს აღწევს. 

ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 80%-ში დაავადება ყოველგვარი სიმპტომური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა 20%-ში ვითარდება გრიპისმაგვარი კლინიკით საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ცხელება. ბავშვებში გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ხამნმოკლეა ვიდრე მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს კუნთების ტკივილი და გადაღლილობის შეგრძნება.

მძიმე გართულებები როგორიცაა მენიგიტი, ენცეფალიტი და სხვა აღენიშნება დაავადებულთა 1%-ზე ნაკლებს, ხოლო იმ დაავადებულებში, რომელთაც განუვითარდათ გართულებები ლეტალობა 4-14% აღწევს.

დასავლეთ ნილოსის გამომწვევის ძირითადი გადამტანებია Culex  pipens (სარდაფის კოღო) და Culex mimeticus. Culex  pipens-ის კოღოები ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და წარმოადგენენ ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის კოღოები ვითარდებიან როგოც ღია, ისე დახურულ (სარდაფის) წყალსატევებში, რაც განაპირობებს მათ მაღალ რიცხოვნებას და მჭიდრო კონტაქტს ადამიანებთან ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, დაბებსა და კურორტებზე. 

დღემდე არ არსებობს დასავლეთ ნილოსის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დოკუმენტირებული დადასტურება - უსაფრთხო კონტაქტისას და ასევე სამედიცინო პერსონალის დაავადებისა პაციენტთან ურთიერთობისას, როდესაც დაცულია ინფექციის კონტროლის სტანდარტული ზომები. 

ამჟამად დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ადამიანებში დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია 4 ძირითადი წესის დაცვა (ინგლისური აბრევიატურით 4D პრინციპი):

1. Dusk (შებინდება) - ეს კოღეობისთვის კვების (სისხლის წოვა) საუკეთესო დროა, მოერიდეთ ამ პერიოდში ბუნებაში ყოფნას;  

2. Dress (ტანსაცმელი) - ატარეთ გრძელსახელოებიანი პერანგი (მაისური) და ღია ფერის შარვალი;

3. DEET (დეტა) - კოღოს კბენისგან დასაცავად გამოიყენეთ დიეთილტოლუამიდის (DEET)შემცველი რეპელენტები, მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

4. Drainage (დრენაჟი) - შეძლებისდაგვარად მოაცილეთ ზედმეტი წყალი, ან დააშრეთ ახლომდებარე კოღოების გამრავლების ყველა შესაძლო ჭურჭელი (ყვავილების ქოთნები, წყლის რეზერვუარები, ფრინველების დასარწყულებელი, საბავშვო  აუზები და ა.შ.)

გარდა ამისა, სასურველია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველების მოვლისას, ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.

14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით 21 ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთში კი ვირუსმა 27 ადამიანი იმსხვერპლა.