აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს. ამის შესახებ Süddeutsche Zeitung-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანული გაზეთის ცნობით, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 18 აგვისტოს, მეზებერგში ვიზიტის დროს გერმანიის ხელისუფლებას განუცხადა.
ამჟამად, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა საერთაშორისო კონსორციუმის ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს, რომელშიც 50 პროცენტი ბუნებრივი აირის მწარმოებელ რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. გავრცელებული ცნობით, ვლადიმერ პუტინის გეგმებს ევროკავშირის სახით შესაძლოა, სერიოზული ხელისშემშლელი გაუჩნდეს, რადგან გაერთიანებაში არსებული წესების თანახმად, ენერგორესურსების მწარმოებელი და მისი მიმწოდებელი არ შეიძლება ერთი და იგივე ქვეყანა იყოს.